ჭავჭავაძის გამზირი გადაიკეტა: ტრანსპორტის გადაადგილების სქემა

მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლის პარალელურად თბილისის მერია ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოებსაც დაიწყებს.
Sputnik

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ჭავჭავაძის გამზირზე სარემონტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

„ისეთი მდგომარეობაა, რომ მანქანა შეიძლება მიწაში აღმოჩნდეს" – ჭავჭავაძის გამზირი იკეტება>>>

თბილისში ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო დღევანდელი საღამოდან ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

თბილისის მერმა ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დაწყება მაისის შუა რიცხვებში დააანონსა. პირველ რიგში ჩაიკეტება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან „პიქსელის" შენობამდე მონაკვეთი, რომელიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია.

„რათა არ შეიქმნას სატრანსპორტო კოლაფსი, ჩვენ ვერ შევძელით ჭავჭავაძის გამზირის სრულად გადაკეტვა, ამიტომ სარემონტო სამუშაოები საათობრივად ჩატარდება. პირველ ეტაპზე გადაიკეტება ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე მონაკვეთი. ჩვენ უცხოელი სპეციალისტები ჩამოვიყვანეთ, რომლებიც სამუშაოების ჩატარებას დააკვირდებიან“, – განაცხადა კალაძემ ოთხშაბათს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

იცვლება ცალმხრივი მოძრაობის მიმართულებები – კეკელიძის ქუჩაზე ვარაზისხევიდან ჟვანიას ქუჩის მიმართულებით; ფალიაშვილის ქუჩაზე, კეკელიძიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთზე (ვაკის პარკის მხარეს); მირცხულავას ქუჩის, ფალიაშვილის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირს შორის მონაკვეთი; პეტრიაშვილის ქუჩაზე, ბარნოვის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირისკენ.

ცალმხრივი მოძრაობა ასევე დაწესდა არაყიშვილის ქუჩის, ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთზე (ფალიაშვილიდან აბაშიძისკენ); აბაშიძის ქუჩაზე, არაყიშვილიდან მრგვალი ბაღის მიმართულებით; ბარნოვის ქუჩაზე, მრგვალი ბაღიდან პეტრიაშვილს ქუჩამდე.

თბილისის მერიამ ვაკის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა

აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, ტრანსპორტის გადაადგილება შემდეგი სქემის მიხედვით მოხდება: ვარაზისხევიდან ვაკის პარკის მიმართულებით ტრანსპორტი კეკელიძის, ფალიაშვილისა და მირცხულავას ქუჩების მეშვეობით ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება.

ვარაზისხევიდან აბაშიძის ქუჩის მიმართულებით მოხვედრა შესაძლებელი იქნება კეკელიძისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით, ტრანსპორტი მოუხვევს მირცხულავას ქუჩაზე, საიდანაც აბაშიძის ქუჩაზე მოხვდება.

ვარაზისხევიდან ბარნოვის ქუჩისკენ ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება კეკელიძის, ფალიაშვილისა და ნაფარეულის ქუჩების მეშვეობით, საიდანაც ბარნოვის ქუჩაზეც შესაძლებელია მოხვედრა.

ვაკის პარკიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირიდან (მიშველაძის, ბერძენიშვილისა და არაყიშვილის ქუჩების გავლით) მოძრაობას განაგრძობს აბაშიძისა და ბარნოვის ქუჩებზე და პეტრიაშვილის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირზე მოხვდება.

თბილისში „საცობები" შემცირდება: დასახელდა ვახუშტის ხიდის გახსნის თარიღი>>>

ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისა და გადაადგილების კომფორტისათვის გათვალისწინებულია დროებითი გადასასვლელების მოწყობა, ასევე ქვეითთა ნაკადების მარეგულირებლების მეშვეობით მართვა.

კალაძის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე 15 მლნ ლარი დაიხარჯება.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაახლოებით 2,5 კმ გზის მონაკვეთს და აღდგება გზის საფარი, მოწესრიგდება სანიაღვრეები, პანდუსები და ბორდიურები. მოეწყობა ავტობუსების ზოლები, საფეხმავლო ბილიკები, ასევე სრულად შეიცვლება განათება.

2019 წელს დედაქალაქის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 357 მლნ ლარი გამოიყო.