მოსახლეობას შიმშილის ეშინია – აქცია ავტობანზე

სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობა ამ წუთებში დედაქალაქიდან დასავლეთისკენ მიმავალ ავტობანზე აქციას მართავს.
Sputnik

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებნი ამ წუთებში აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველოს დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე აქციას მართავენ.

„Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტის ცნობით, ავტობანის განაპირას, გორის გადასახვევთან 200-მდე ადამიანია შეკრებილი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მისვლას ელოდება.

მოსახლეობას შიმშილის ეშინია – აქცია ავტობანზე

აქციის მონაწილეთა თქმით, შაბათს მოსულმა სეტყვამ სრულად მიწასთან გაასწორა მათი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. 100%-ით არის განადგურებული მოსავალი და თუ სახელმწიფო ხალხს არ დაეხმარება, მოსახლეობას გარდაუვალი შიმშილი ელოდება.

აქციის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც სოფლების მცხოვრებლებს ავტობანის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.

საქართველოს სეტყვამ გადაუარა: რამდენი დღე გაგრძელდება უამინდობა?

გასულ უქმეებზე მოსულმა სეტყვამ ძლიერ დააზარალა გორის მუნიციპალიტეტის სოფლები ტყვიავი, შინდისი, ქერე, მერეთი, დიცი, ნიქოზი და სხვ.

სეტყვის შედეგად დაზიანდა ხეხილისა და ბოსტნეულის ბაღები. სეტყვა სოფლებში დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში გადაუღებლად გრძელდებოდა.

არსებული ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში. აქ ძლიერმა სეტყვამ მოსავლის თითქმის 100% გაანადგურა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავებიც.