თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ფაშისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრს, გიორგი ჭელიძეს საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებასთვის 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა, იუწყება პირველი არხი.
სასჯელის ვადის ათვლა 2018 წლის 31 აგვისტოდან დაიწყება. გიორგი ჭელიძე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1 სექტემბერს დააკავეს.
საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ გადაწყვეტილება დაასაბუთა და აღნიშნა, რომ პირადი ჩხრეკისას ჭელიძის ბინიდან ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები იქნა ამოღებული, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის დარღვევას გულისხმობს.
გამამტყუნებელმა განაჩენმა სასამართლო დარბაზში მსჯავრდებულის ოჯახის წევრებისა და ახლობლების გაღიზიანება გამოიწვია. დაცვის მხარე აღნიშნული გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ჭელიძის უფლებადამცველი გადაწყვეტილებას განაჩენის ჩაბარებისთანავე გაასაჩივრებს.
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე მოძრაობის Facebook-გვერდზე ატვირთული ორი ვიდეოს საფუძველზე 31 აგვისტოს აღიძრა.
უსაფრთხოების სამსახური ქართველი ფაშისტებით დაინტერესდა >>
ორი ვიდეო სახელწოდებით „ფაშისტური კვირადღე“ ქსელში 30 აგვისტოს აიტვირთა. ერთ-ერთზე ნაჩვენებია, როგორ „ასუფთავებენ“ მოძრაობის წევრები შენობებს, ხოლო მეორეზე — ავტომატიდან სროლის საწყისები. თავად ჭელიძის გვერდზე გამოქვეყნებულია კიდევ ერთი ვიდეო სახელწოდებით „ფაშისტური კვირადღე" — ქართველი მამრი კვირაში მინიმუმ ერთ დღეს უნდა უთმობდეს სპორტულ და საბრძოლო მომზადებას".