თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ქართველმა მწერალმა და მარკეტინგული სააგენტო Leavingstone-ის კრეატიულმა დირექტორმა ბექა ადამაშვილმა ევროპის კავშირის პრემია მიიღო ლიტერატურაში. პრიზი 5000 ევროს შეადგენს.
პრემია ლიტერატურის დარგში ევროკავშირის კულტურულმა პროგრამამ დააფუძნა და მას ეს უწყება აფინანსებს. კონკურსში მონაწილეობისთვის ყოველწლიურად ევროკავშირის 14-მდე ქვეყანა ირჩევა. თითოეული სახელმწიფოსთვის ინიშნება ეროვნული ჟიური, რომელიც, თავის მხრივ, თავის ქვეყნიდან გამარჯვებულს ირჩევს.
კონკურსში ჩართვის უფლების მქონე ქვეყნებია ევროკავშირის წევრი 28 ქვეყანა (2013 წლიდან), ევროპის ეკონომიკური სივრცის ქვეყნები (ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი), ასევე ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნები და პოტენციური კანდიდატები.
კონკურის თითოეული ლაურეატი იღებს 5000 ევროს და თავისი წიგნის თარგმნის მხარდაჭერას.
ბექა ადამაშვილი ამ პრემიის პირველ ლაურეატია საქართველოდან, რადგან ჩვენი ქვეყანა ამ კონკურსში წელს პირველად მონაწილეობდა.
კონკურსის სამი ფინალისტი საქართველოში აპრილში გამოცხადდა. მათ შორის, ბექა ადამაშვილის გარდა, იყვნენ ლუკა ბაქანიძე და ივა პეზუაშვილი.
„ევროკავშირის ლიტერატურული პრიზის მოპოვება (თუკი გამოვტოვებთ იმ ნაწილს, რამდენად სასიხარულო ამბავია ეს ჩემთვის, რაც, ალბათ, ამ წინადადების გარეშეც ნათელი იქნებოდა) რამდენიმე რამის გამოა მნიშვნელოვანი: ეს ნიშნავს წიგნის პოპულარიზაციას მთელ ევროპაში, მონაწილეობას სხვადასხვა ლიტერატურულ ფესტივალზე, თარგმანს ან ნაწილობრივ თარგმანს ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე და ზოგადად, დაინტერესებას (იმედია) ევროპული გამომცემლობების მხრიდან", - აღნიშნა ბექა ადამაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ ერთი ან რამდენიმე გამოცემული წიგნის ავტორებს. ამასთან, ისინი ნაკლებად ცნობილი უნდა იყვნენ ლიტერატურის კრიტიკოსებისა და მკითხველის წრეში.
საქართველოსთან ერთად წელს პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ ავსტრიიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან, უნგრეთიდან, ირლანდიიდან, ირლანდიიდან, ლიტვიდან, რუმინეთიდან, პოლონეთიდან, საბერძნეთიდან, სლოვაკეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და უკრაინიდან.
საქართველოს მთავარმა ლიტერატურულმა პრემია „საბამ“ საპრიზო ფონდი გაზარდა>>
ბექ ადამაშვილს დამთავრებული აქვს კავკასიის მედიასკოლის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მისი რომანის „ამ რომანში ყველა კვდება" მთავარი გმირია მომენტო მორი, რომელსაც სუპერძალა გააჩნია, რაც წიგნებით მოგზაურობის უნარს გულისხმობს.