ჭიათურა დღეს: ასობით გაფიცული მაღაროელი, კარვები და „სამართლიანი მოთხოვნები"

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა ხელფასების 25%-ით მომატების შესახებ კომპანიის შემოთავაზებაზე უარი განაცხადეს, ახლა კი შეიძლება ისიც ვეღარ მიიღონ.
Sputnik

მანგანუმის მადნის მომპოვებელი შახტების ასობით თანამშრომელი უკვე მეცხრე დღეა, უარს ამბობს სამსახურში გასვლაზე. მათი ნაწილი ჭიათურის ცენტრში მეშვიდე დღეა შიმშილობს და ხელფასების მომატებასა და სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას ითხოვს.

ამოკერილი პირები - ჭიათურელი მაღაროელები გაფიცვას განაგრძობენ>>

მაღაროელებმა რაიონულ საკრებულოსთან, სკვერში ორი კარავი ჩადგეს და მოთხოვნების შესრულებამდე დაშლას არ აპირებენ, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ადგილიდან.

მოთხოვნები ოთხი პუნქტისგან შედგება: „ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებულთა ხელფასების მომატება 50%-ით; უკეთესი სადაზღვევო პაკეტი დასაქმებულებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის; გაფიცვისა და მომდევნო პერიოდში ყველა აქტივისტის დაცვა ზეწოლისაგან და მაღაროელთა გაფიცვის კანონიერი უფლების აღიარება; ქალაქში დიდი სატვირთო მანქანების გადაადგილების აკრძალვა.

ჭიათურა დღეს: ასობით გაფიცული მაღაროელი, კარვები და „სამართლიანი მოთხოვნები"

მაღაროელებმა ეს სია დაბეჭდეს და ერთ-ერთ კარავზე მიაკრეს.

ახლა „კარვების ქალაქში" ასობით ადამიანია, მათ შორის, გაფიცულების მეუღლეები და შვილები. შიმშილობა კი 14-მა ადამიანმა გამოაცხადა.

გაფიცულთა მთავარი კითხვაა: „რატომ არავინ მიდის მათთან?"

„გუშინ ძლიერი წვიმა იყო, ყველანი დავსველდით. დასველდა კარვები, ლეიბები, რომლებზეც ღამით ვწვებით, მაგრამ არც ერთი ჩვენგანი აქედან ფეხს არ მოიცვლის", – განაცხადა ერთ-ერთმა მოშიმშილემ გიგა თაბაგარმა.

„ღმერთმა არ ქნას, რომელიმე თქვენგანს ასე, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად მოუწიოს ლუკმა-პურის შოვნა. უკვე ჩვენი შვილები და ოჯახებიც წინააღმდეგი არიან, რომ ასე გამოვიმუშაოთ თანხა", – აღნიშნა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, რომელმაც სახელის გამხელა არ ისურვა.

ხელფასების 50%-იანი ზრდა არარეალურია? მაღაროელებს მუშაობისკენ მოუწოდებენ

გაფიცული გიორგი იაკობაშვილის თქმით, მათ მთელი ქალაქი უჭერს მხარს.

„ეს სამუშაო ძალიან ძვირად გვიჯდება და უკეთეს პირობებს ვიმსახურებთ. ვიმსახურებთ უკეთეს კვებას, ვიმსახურებთ ისე მოგვექცნენ, როგორც ადამიანებს და არა როგორც ცხოველებს. გვჯერა, რომ ჩვენ მშობლიურ ქალაქში ვითარების შეცვლას შევძლებთ, რადგან გვინდა ჭიათურა განვითარდეს... პირველად ვხედავ, რომ მთელი ქალაქი ასე ერთხმად გვიჭერდეს მხარს. ჩვენ შევძლებთ ქალაქის მომავლის შეცვლას. ეყოფათ ჯიბეების გასქელება, მილიონებს ჭამენ, ჩვენ კი ყოველდღე სიცოცხლის რისკის ფასად ვმუშაობთ", – აღნიშნა იაკობაშვილმა.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პროტესტის ნიშნად პირიც კი ამოიკერა. ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს" აქციის მონაწილეებმა და ქიმიური და სამთო-მეტალურგიული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ნეფარიძემ განუცხადა. თუმცა აქციაზე ეს ადამიანი ამჟამად არ იმყოფება.

გაფიცულები ერთხმად აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნების იგნორირების შემთხვევაში ყოველ მომდევნო დღეს თითო მაღაროელი ამოიკერავს პირს.

ჭიათურა დღეს: ასობით გაფიცული მაღაროელი, კარვები და „სამართლიანი მოთხოვნები"

„ამ ეტაპზე კომპანიის შეთავაზება ხელფასების 15%-ით გაზრდისა და წლის ბოლომდე კიდევ 10%-ით გაზრდის შესახებ გაფიცულებმა არ მიიღეს. ისინი გაფიცვას მანამ განაგრძობენ, სანამ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნა ანაზღაურების 30%-ით, წლის ბოლომდე კი დამატებით 20%-ით გაზრდის შესახებ", – აღნიშნა ნეფარიძემ.

როგორც დასაქმებულები ამბობენ, მათი საშუალო ხელფასი 500-დან 900 ლარამდე მერყეობს.

„ამ პროცესში პროფკავშირები არ მონაწილეობენ. ყველაფერი ჩვენ გარეშე დაიწყო და გაფიცულები თავად აკონტროლებენ სიტუაციას. გუშინ პროფკავშირი მზად იყო პროცესებში ჩართულიყო, მაგრამ კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯების შემდეგ, როდესაც გაფიცულებმა მიიღეს ტექსტური შეტყობინებები (იმის თაობაზე, რომ გაფიცულებს არ აუნაზღაურებდნენ გაცდენილ დღეებს და სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ გაფიცვის გაგრძელების შემთხვევაში - რედ.), ვითარება კარდინალურად შეიცვალა, ისევე, როგორც გაფიცულების მოთხოვნები", – აღნიშნა ნეფარიძემ.

ჭიათურა დღეს: ასობით გაფიცული მაღაროელი, კარვები და „სამართლიანი მოთხოვნები"

ახალი მოთხოვნა ჭიათურის სამთო-მომპოვებელი საწარმოს სახელმწიფოსთვის გადაცემაა.

„ამ ეტაპზე, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, საუბარია კომპანიის ქვეყნიდან წასვლაზე, და ისინი მიმართავენ საქართველოს მთავრობას საწარმოს ნაციონალიზაციის მოთხოვნით", – აღნიშნა ნეფარიძემ.

მისი სიტყვებით, „ჯორჯიან მანგანეზის" ყველა საწარმოში მუშაობა შეჩერებულია. საუბარია ცხრა შახტზე, რამდენიმე ფაბრიკა-ქარხანასა და ავტოპარკზე.

„ჯორჯიან მანგანეზის" პოზიცია

მანგანუმის მადნის მომპოვებელი შახტის ოპერატორი მიიჩნევს, რომ გაფიცული მაღაროელები უკვე კანონის ფარგლებს სცდებიან.

ჭიათურა დღეს: ასობით გაფიცული მაღაროელი, კარვები და „სამართლიანი მოთხოვნები"

„თავდაპირველად ითხოვდნენ ხელფასების 50%-ით მომატებას, რაც აბსოლუტურად მოკლებულია რეალობას და არაადეკვატურია. ამ მოთხოვნის არარეალურობასა და არაადეკვატურობაზე ისიც მიუთითებს, რომ გაფიცულებმა არ ჩამოაყალიბეს ჯგუფი, რომელთან ერთადაც ამ საკითხზე ვიმსჯელებდით", – განაცხადა "ჯორჯიან მანგანეზის" ფინანსურმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ პრესკონფერენციაზე.

„მუშები 24 საათი მუშაობენ და იღუპებიან" – პროფკავშირები საპროტესტო აქციას გამართავენ

მისი სიტყვებით, კომპანიის ხელმძღვანელობა რეორგანიზაციის ფარგლებში მზად იყო, მაღაროელებისთვის ხელფასების 25%-ით მომატება შეეთავაზებინა, მაგრამ მათ ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს.

„თანამშრომლების შემცირებაზე რეორგანიზაციის დროს საუბარი არ არის, საუბარია სტრუქტურულ ცვლილებებზე, რომლებიც კომპანიაში უნდა გატარდეს და რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს, დავზოგოთ გარკვეული ადმინისტრაციული ხარჯი. დანაზოგი ხელფასებზე გადანაწილდება", – განმარტა ლომინაძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ახლა „ჯორჯიან მანგანეზმა" შეიძლება უარი თქვას ამ წინადადებაზეც.

„ჩვენს შეთავაზებაზე მივიღეთ უარი. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ჯერ უცნობია, ისევ ძალაშია თუ არა ეს წინადადება", – განაცხადა ლომინაძემ.

ხელისუფლების პოზიცია

საკმაოდ მკაცრი განცხადება გააკეთეს 18 მაისს მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ლიდერებმა – პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ.

„თუ მომდევნო დღეებში მოლაპარაკებები არ დასრულდება შეთანხმებით, ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავერთვებით საქმეში და მივიღებთ ზომებს მაღაროელების სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად", – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ქართული ოცნება" ავრცელებს.

ხუთშაბათს კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც გააკეთა.

„როგორც ჩიკაგოში 133 წლის წინ“ - პროფკავშირებმა კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს

„ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე. ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება და სხვა საკითხები. ვიცი, რომ ამავე დროს კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რაც შეიძლება ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოყალიბდნენ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურაში მანგანუმის მადნის მომპოვებელი მაღაროს ოპერატორია. ის „ჯორჯიან ემერიქენ ელოის" (Georgian American Alloys) ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის. „ჯორჯიან მანგანეზის" გარდა, ჰოლდინგი აერთიანებს ვარციხის ჰიდროელექტროსადგურსა და კლინიკა „ფერომედს". კომპანიის სათავო ოფისი მაიამიში მდებარეობს.

ჭიათურაში მანგანუმის მადანს 1879 წლიდან მოიპოვებენ.

მანგანუმის მადნისა და მანგანუმის ოქსიდებისა და დიოქსიდების ექსპორტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ექსპორტში. მანგანუმის მადნისა და კონცენტრატის ექსპორტმა 2019 წლის იანვარ-მარტში 1,8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც სამჯერ აღემატება 2018 წლის იმავე პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.