შვილის მკვლელობაში ბრალდებული დედის ახლობლებმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები სცემეს

დაშავებულები ამ დროისთვის კლინიკაში არიან გადაყვანილი.
Sputnik

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. წყალტუბოში შვიდი თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის ახლობლები „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 

რატომ გაგუდა 16 წლის დედამ საკუთარი ჩვილი? საქმის შოკისმომგვრელი დეტალები

გავრცელებული ინფორმაციით, „კურიერის" ჟურნალისტებს ედიშერ მუშკუდიანსა და ბაკურ ჩიხლაძეს თავს ხუთზე მეტი პირი დაესხა. ერთ-ერთ ჟურნალისტს თვალი აქვს დაზიანებული და ცხვირი – გატეხილი.

სამაუწყებლო კომპანიის გადამღები ჯგუფი წყალტუბოში იმ გოგოს ოჯახში იმყოფებოდა, რომელიც საკუთარი შვიდი თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

ტელეკომპანიის ცნობით, დაკავებულის ახლობლებმა და მეზობლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. მას შემდეგ კი, რაც გადამღები ჯგუფი ავტომობილში ჯდებოდა, თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

დაშავებულები ამ დროისთვის ქუთაისის „ევექსის" კლინიკაში არიან გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდასხმაში მონაწილე ერთი-ერთი პირი დაკავებულია და წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლები ჯგუფურ ძალადობას და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.