„ყველაზე მასშტაბური პროექტი თბილისში“ - როდის გაიხსნება ორბელიანის მოედანი

2017 წლის დეკემბერიდან თბილისში ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური მოედნის აღდგენა მიმდინარეობს
Sputnik

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. თბილისის ისტორიულ ნაწილში - ორბელიანის მოედანზე აღდგენითი სამუშაოები ივნისის დასაწყისში დასრულდება, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ორბელიანის მოედნის აღდგენა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. სამუშაოები დედაქალაქის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტის „ახალი ტფილისის" მეორე ეტაპის ფარგლებში ტარდება. პროექტის მიზანია ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნა.

„ისეთი მასშტაბური პროექტი, როგორც ორბელიანის მოედანზე განხორციელდა, ჯერ სხვა არ განხორციელებულა. მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, სრულად რეაბილიტირებული 20 შენობიდან 13 არის კულტურული-მემკვიდრეობის ძეგლი. ამ ყველაფერს სჭირდება მოვლა-პატრონობა. ეს არის ის, რითაც ვამაყობთ ჩვენ. ესაა თბილისის ხიბლი და რა თქმა უნდა, ეს მიდგომა და დამოკიდებულება უნდა გავაგრძელოთ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

„ყველაზე მასშტაბური პროექტი თბილისში“ - როდის გაიხსნება ორბელიანის მოედანი

მერის თქმით, დედაქალაქში დაგეგმილია კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელთა განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება.

„მთაწმინდაზე მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაგეგმილი, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში ვიწყებთ. ველოდებით ფურცელაძისა და თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილის პროექტირებას. ასევე მნიშვნელოვანი პროექტი არის გუდიაშვილის ქუჩა, რომელიც სამუზეუმო საფეხმავლო ქუჩა იქნება. ეს არის ის პროექტები, რომლის დასრულებასაც ველოდებით და მაშინვე დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას“, - ხაზგასმით აღნიშნა კალაძემ.

ძველი ტფილისის ბრწყინვალება და სიღატაკე

ორბელიანის მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები დიდი ტურისტული მარშრუტის გაგრძელებაა, რომელიც მუშტაიდის ბაღიდან იწყება და, აღმაშენებლის გამზირის გავლით, თავისუფლების მოედანზე სრულდება.

პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყო სადრენაჟე, სანიაღვრე ქსელები. გამაგრდა დაზიანებული შენობები, აღდგენილია ფასადები, რესტავრაცია ჩაუტარდა ნაძერწ დეტალებს, ხისა და ლითონის ნაკეთობებს, შეიცვალა და განახლდა გადახურვის კონსტრუქციები.

პროექტის დასრულების შემდეგ თბილისში გაჩნდება კიდევ ერთი საფეხმავლო ზონა, რომელიც მოიცავს ათონელი, ფურცელაძის და ფხოვის ქუჩების ნაწილს. ახალი საფეხმავლო ზონაში შენობების პირველ სართულებზე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტები, რესტორნები და კაფეები განთავსდება.

„ყველაზე მასშტაბური პროექტი თბილისში“ - როდის გაიხსნება ორბელიანის მოედანი

პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 70 მილიონი ლარია გამოყოფილი.

თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა 2016 წელს დაიწყეს მასშტაბური პროექტი - „ახალი ტფილისი“, რომელიც ქალაქის ცენტრში ახალი სარეკრეაციო ზონების და ტურისტული მარშრუტების შექმნას ითვალისწინებს.

„ყველაზე მასშტაბური პროექტი თბილისში“ - როდის გაიხსნება ორბელიანის მოედანი

პროექტის პირველ ეტაპზე აღმაშენებლის გამზირზე პირვანდელი სახე დაუბრუნეს 47 ისტორიულ შენობას, აქედან 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მთლიანად შეცვლილია და აღდგენილია შენობების ფასადები, შენობები გამაგრებულია, აღდგენილია ფასადების ავთენტური იერ-სახე და მათზე არსებული ისტორიული ორნამენტები. აღმაშენებლის გამზირის ნაწილი საფეხმავლო გახდა.

გასული წლის ივნისში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ევროპულმა ორგანიზაციამ ევროპის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისა და დაცვის სფეროში Europa Nostra-მ აღმაშენებლის გამზირის რესტავრაციის პროექტი საუკეთესოდ აღიარა კატეგორიაში „კონსერვაცია".