თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დეპუტატების კითხვებს პარლამენტში 31 მაისს უპასუხებს, განუცხადა მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს.
პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ინტერპელაციის ახალი მეთოდით ჩაივლის – როდესაც მთავრობის მეთაური, მინისტრი ან აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი ვალდებულია მივიდეს პარლამენტში და უპასუხოს არანაკლებ შვიდკაციანი დეპუტატების ჯგუფის კითხვებს.
ბახტაძე საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" დეპუტატების მოთხოვნით გამოცხადდება. მათ აქვთ კითხვები, რომლებიც ეხება დაკრედიტების ახალ წესებსა და საპენსიო დაგროვებით სისტემას. ამას გარდა, ბახტაძე დაესწრება დეპუტატების დებატებს კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ და ბოლოს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის უფლებას მიიღებს.
„საპარლამენტო დემოკრატიაზე გადასვლა – ეს არის ჩვენი გუნდის არჩევანი. ეს მართლაც ისტორიული მოვლენა გახლდათ, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ვართ ამ პრინციპების ერთგული. ჩემი კაბინეტის ყველა მინისტრი, მათ შორის მეც, ვართ ანგარიშვალდებული საქართველოს პარლამენტის წინაშე და 31 მაისს გვექნება ინტერპელაცია, სადაც, ბუნებრივია, მზად ვართ გავცეთ პასუხები ნებისმიერ შეკითხვას", – განაცხადა ბახტაძემ.
ბახტაძე პარლამენტში სიტყვით წელს ინტერპელაციის ახალი მეთოდით უკვე მეორედ გამოვა. მარტის ბოლოს პრემიერმა ქვეყანაში კრიმინალის მხრივ არსებული ვითარების თაობაზე დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
იზრდება თუ არა დანაშაული საქართველოში - პრემიერის სიტყვა პარლამენტში>>
პრემიერის გარდა, შემდეგ პლენარულ სხდომაზე, 27-31 მაისს საკანონმდებლო ორგანოში ელოდებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას.