თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ქუთაისში მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა ოფიციალურად გაიხსნა.
ქარხანა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე, რომელსაც ჩინური კომპანია „ჰუალინგ გრუპი" მართავს, გერმანულმა კომპანია AE Solar-მა გახსნა. შეთანხმებას ქარხნის მშენებლობის შესახებ 2017 წლის ბოლოს მიაღწიეს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საწარმოში დაახლოებით სამასი ადამიანი დასაქმდება. ქარხანა 16 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდა. ის წელიწადში 500 მეგავატი საერთო სიმძლავრის პროდუქციას გამოუშვებს.
„მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული მაღალტექნოლოგიურ წარმოებაზე და დღეს არის სწორედ მსგავსი საწარმოს გახსნა. ეს არის უნიკალური საწარმო, რომელიც დაამზადებს მზის პანელებს და მოამარაგებს ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებს როგორიც არის ევროკავშირი, ამერიკა და ახლო აღმოსავლეთი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ ქარხნის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა გერმანელ ინვესტორებს იმისთვის, რომ მათი არჩევანი სწორედ საქართველოზე შეჩერდა.
„იხილებოდა რამდენიმე ვარიანტი, რამდენიმე ქვეყანა და ინვესტორმა გადაწყვეტილება სწორედ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო", - აღნიშნა პრემიერმა.
AE Solar - ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა განახლებადი ენერგიის ინდუსტრიის სფეროში, რომელიც 2003 წელს გერმანიის ქალაქ კენიგსბრუნში დაარსდა. ის აწარმოებს პროდუქციას და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააქვს.
თბილისის აეროპორტში მზის პანელები ამუშავდა>>
ჩინური კომპანია „ჰუალინგ გრუპი" პროექტებს ახორციელებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ქუთაისში, სადაც „თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" შეიქმნა. ამ ზონაში დაახლოებით ათი საწარმო მოქმედებს.