საქართველოში ინტერნეტის ტარიფი მცირდება

საქართველოში გლობალურ ინტერნეტოპერატორებთან მიერთებისას მცირე და საშუალო კომპანიებისთვის ტარიფები შემცირდება
Sputnik

თბილისი, 21 მაისი - Sputnik. 2019 წლის პირველი ივლისიდან საქართველოში გლობალურ ინტერნეტზე ზედა ზღვრული ტარიფი დაწესდება - 1 მბ/წმ ფასი 32 ლარიდან 9 ლარამდე შემცირდება, ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.

„კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა დაასრულა და მომხმარებლების ინტერესების დაცვისა და ბაზრის განვითარების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გლობალური ინტერნეტის საბითუმო ბაზარს ეხება. საბითუმო მომსახურებაზე კომისიამ გლობალური ინტერნეტის ფასი რადიკალურად შეამცირა და ზედა ზღვრული ტარიფი დაადგინა.

Google-ის სერვისები „ჰუავეის“ სმარტფონებზე აღარ იმუშავებს: კორპორაცია განმარტავს

კვლევის შედეგად კომისიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება და ხმოვან საცალო მომსახურებაზე არსებული ზედა ზღვრული 24-თეთრიანი ტარიფი გააუქმა.

ამავე გადაწყვეტილებით, 2019 წლის პირველი აგვისტოდან მცირე და საშუალო ოპერატორებს საშუალება ექნებათ, ერთ მბ/წმ-ზე 50 თეთრად ჰქონდეთ წვდომა ამავე კომპანიების ქსელში განთავსებულ YouTube-ის, Google-ის და სხვა საერთაშორისო ვებგვერდების ქეშირებულ კონტენტზე.

„ამავე ტარიფით კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ პატარა ოპერატორების მათ ქსელში და მათთვის ხელმისაწვდომ სხვა ოპერატორის ქსელში განთავსებულ ადგილობრივი ინტერნეტის რესურსებთან დაშვება“, - მითითებულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციაში.