ლაშა ტალახაძე ბათუმის საპატიო მოქალაქე გახდა

ქართველი სპორტსმენი ადრე მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად აღიარეს
Sputnik

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ქართველი ძალოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ევროპის ოთხგზის ჩემპიონი, მრავალი მსოფლიო რეკორდის მფლობელი ლაშა ტალახაძე ბათუმის საპატიო მოქალაქე გახდა, ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.

„ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია“ - პრემიერმა ტალახაძეს მიულოცა

საპატიო წოდება ტალახაძეს მიენიჭა სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. საპატიო მოქალაქის შესაბამისი მოწმობა „ქართველ გოლიათს“  ბათუმის ვიცე-მერმა თენგიზ პეტრიძემ გადასცა.

შეხვედრაზე ტალახაძემ და პეტრიძემ ქალაქში სპორტის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. ვიცე-მერის თქმით, ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსის მოპოვების შემდეგ, ბათუმში აქტიურად იმართება სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებები, რაც მნიშვნელოვანია სპორტის პოპულარიზაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ორშაბათს ტალახაძეს გადაეცა მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის პრიზი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვერსიით (IWF). ეს ჯილდო ქართველმა შტანგისტმა ზედიზედ მეორედ მიიღო. დაჯილდოების ცერემონია ქობულეთში გაიმართა.