სუს-მა ფეხბურთელები გარიგებული მატჩების ორგანიზებისთვის დააკავა

გარიგებული მატჩების ჩატარების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა თითქმის 100 ათასი ლარი მიიღეს.
Sputnik

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. გარიგებული მატჩების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულ ფეხბურთელებს ბრალად ედება სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობა.

ბახტაძემ უსაფრთხოების სამსახურს მადლობა გადაუხადა: ტერაქტი აღკვეთილია >>

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გარიგებული მატჩების სანაცვლოდ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 93,5 ათასი ლარი.

საქმე „ჩაწყობილი" მატჩების შესახებ საპროცესო გარიგებით დასრულდა

ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა წინასწარი შეთანხმებით 2019 წლის 3 აპრილს გარიგებული მატჩი მოაწყვეს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიის“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე საფეხბურთო კლუბებს შორის გამართული შეხვედრის მეორე ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დათმეს (1:3).

ანალოგიური შემთხვევა მიმდინარე წლის 19 მაისს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოხდა. საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოსთან“ შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით წააგეს (0:2).

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით), რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.