საქართველოში მცენარეთა კონსერვაციის ცენტრი შეიქმნება

თბილისის მერია ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო საქმიანობის გაძლიერებით დაინტერესდა.
Sputnik

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოში მცენარეთა კონსერვაციის ეროვნული კვლევითი ცენტრი აშენდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

აღნიშნული განცხადება მერმა გააკეთა სამეცნიერო კონფერენციის გახსნაზე – „საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივები“. ახალი კვლევითი ცენტრი გააერთიანებს სამეცნიერო ლაბორატორიებს, სამეცნიერო ბიბლიოთეკას, ინფრასტრუქტურას, რომელიც ეკოსაგანმანათლებლო და ადმინისტრაციული საქმიანობისთვის იქნება საჭირო.

„მჯერა, რომ ახალი ცენტრის მშენებლობა ხელს შეუწყობს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის შესაძლებლობების გაძლიერებას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გაზაფხულის შთაგონება: აყვავებული თბილისის ბოტანიკური ბაღის საოცარი სურათები

საერთაშორისო კონფერენციაში ბოტანიკური ბაღის პარტნიორი ორგანიზაციების 110 წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას 13 ქვეყნიდან. ღონისძიების გახსნას, რომელიც სამი დღე იმუშავებს, თბილისის მერის გარდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თბილისის მერმა ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.

„მოხარული ვარ, რომ თბილისი მასპინძლობს პირველ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ბიომრავალფეროვნების მეცნიერული შესწავლისა და მისი კონსერვაციის საკითხებთან. საქართველოს ბიომრავალფეროვნებას, მათ შორის მცენარეთა მრავალფეროვნებას, განსაკუთრებული დაცვა და მოფრთხილება ესაჭიროება“, – განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს მცენარეთა მრავალფეროვნების შესწავლის საქმეში.

კალაძის თქმით, მთავარი ამოცანაა, გააქტიურდეს ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, განახლდეს მცენარეთა კოლექციები და ბაღმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გარემოს დაცვის და მცენარეთა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების საქმეში.

ბოტანიკური ბაღის სპეციალისტები უცხოელ პარტნიორებთან ერთად მცენარეთა კონსერვაციის ადგილობრივ სტრატეგიას მოამზადებენ.

ბოტანიკურ ბაღში „მწვანე გამოფენა“ იხსნება

ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს, 22 მაისს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და მისურის ბოტანიკურ ბაღს შორის გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მცენარეთა კოლექციების გაცვლასა და მცენარეთა კონსერვაციას ითვალისწინებს. ასევე ამ დღეს გაფორმდება მნიშვნელოვანი დოკუმენტი საქართველოს მცენარეთა კონსერვაციის ეროვნული ქსელის შექმნის თაობაზე, რომელიც 15 სუბიექტს გააერთიანებს. დოკუმენტს ხელს მოაწერენ საქართველოში მოქმედი გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების, პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლები და ბოტანიკური ბაღები.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი სამხრეთ კავკასიაში პირველი და მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ბაღია. ის სოლოლაკის ქედის სამხრეთით, მდინარე წავკისისწყლის ხეობაში მდებარეობს. XIX საუკუნემდე ამ ადგილს სამეფო ბაღს უწოდებდნენ და მისი ისტორია ასწლეულებს ითვლიდა. თბილისის ბოტანიკურ ბაღში, რომელიც 1845 წელს სამეფო ბაღების ადგილზე გაშენდა, ამჟამად ფართოდ არის წარმოდგენილი ქართული და მსოფლიო ფლორა.