თბილისის ცენტრში ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება

ქალაქის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გააკონტროლებენ
Sputnik

თბილისი, 20 მაისი - Sputnik. თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, ასევე მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა ღამით აიკრძალება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კერძოდ, აკრძალვა შუაღამიდან სამშაბათ დილი 05:00 საათამდე იმოქმედებს. ამ პერიოდში ავტომობილების მოძრაობა აიკრძალება როგორც თავისუფლების მოედანზე, ისე რუსთაველის გამზირზე, შალვა დადიანის, კოტე აფხაზის და ალექსანდრე პუშკინის ქუჩებზე.

სათხილამურო ტურნირი, კემპინგი და ფერადი კარვები: სვანეთი დამოუკიდებლობის დღისთვის ემზადება

გარდა ამისა, შსს-ს მონაცემებით, სამშაბათ დილის 06:00 საათიდან სადღესასწაულო ღონისძიებების დასრულებამდე ავტომანქანების მოძრაობის მარშრუტები დროებით შეიცვლება. პუშკინის ქუჩიდან ამომავალი ავტომანქანები გიორგი ლეონიძის ქუჩის მიმართულებით მოძრაობის გაგრძელებას ვერ შეძლებენ - ისინი ლეონიძის ქუჩაზე მოსახვედრად იმოძრავებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირის გავლით, წრეზე მობრუნდებიან და კვლავ რუსთაველის გამზირის გავლით ავლენ ლეონიძის ქუჩაზე.

შალვა დადიანის და კოტე აფხაზის ქუჩებიდან ამომავალი მანქანები ასევე ვერ იმოძრავებენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით. აღნიშნული ქუჩებიდან ამომავალი საავტომობილო ნაკადი პუშკინის ქუჩით ჩავა ბარათაშვილის ქუჩაზე, მობრუნდება და იმოძრავებს რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

გარდა ამისა, აიკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა პირველი რესპუბლიკის მოედანზე.

კერძოდ, რუსთაველის გამზირზე ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს მეცნიერებათა აკადემიის მიმართულებით, ელბაქიძისა და კოსტავას ქუჩების გავლით. ხოლო ელბაქიძიდან ამომსვლელი ნაკადი ფილარმონიის მიმართულებით შეძლებს გადაადგილებას.

„ზემოხსენებული მარშრუტები 26 მაისის ღონისძიებების დასრულებამდე შენარჩუნდება, რის შემდეგაც მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება. ყველა ქუჩასა და მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„ისეთი მდგომარეობაა, რომ მანქანა შეიძლება მიწაში აღმოჩნდეს" – ჭავჭავაძის გამზირი იკეტება >>

დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ ორნახევარი წელი იარსება. დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა.