ზუგდიდში საარჩევნო უბანთან გაისროლეს: დაკავებულია ორი პირი

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Sputnik

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით 1999 წელს და 2000 წელს დაბადებული ორი პირი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინციდენტი გუშინ, 18 მაისს ზუგდიდში 87-ე საარჩევნო უბანთან მოხდა. უწყების ცნობით, ბრალდებულებმა ჭავჭავაძის ქუჩაზე ჰაერში რამდენჯერმე გაისროლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით უკვე ამოღებულია და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გახარია: ყველა პროვოკაციაზე პოლიციის მხრიდან იქნება მკაცრი და სწრაფი რეაგირება

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღეს საქართველოს ცალკეულ რაიონებში არჩევნები ტარდება – მოსახლეობა აირჩევს როგორც ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისე ქვეყნის პარლამენტის დეპუტატს.