თბილისი, 19 მაისი - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები სამეგრელოში იმყოფებიან და ოპერატიულად რეაგირებენ შუალედური არჩევნების მსვლელობისას მომხდარ ინციდენტებზე, აცხადებს ომბუსდმენი ნინო ლომჯარია.
შსს: საარჩევნო უბნებზე მომხდარი ინციდენტების გამო ხუთი ადამიანია დაკავებული >>
მისი თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა არაერთი საარჩევნო უბანი მოინახულეს, შეხვდნენ დაკავებულებს და აგრძელებენ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირებას.
ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არჩევნების პროცესში მომხდარი ინციდენტების გამო ხუთი პირია დაკავებული. ხუთივე პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით არის დაკავებული.
სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა პირს, საარჩევნო პროცესისას უფლებების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართონ სახალხო დამცველი აპარატის თანამშრომლებს; ასევე, დარეკონ სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე 14-81.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს მერის რიგგარეშე არჩევნები საქართველოს ხუთ რაიონში იმართება, საზოგადოების ყველაზე დიდი ინტერესი ზუგდიდისკენაა მიმართული. აქ მმართველი პარტიის კანდიდატ გიორგი შენგელიას ექს-პრეზიდეტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა ელისაბედ რულოვსი უპირისპირდება.
თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>
დღეს შუალედური არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტსა და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში – თითოეულ შემთხვევაში ბრძოლა ერთი დეპუტატის სავარძლისთვის მიდის. პარალელურად იმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.
დღეს გამართულ არჩევნებს აკვირდება 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6,1 ათასზე მეტი დამკვირვებელი და შვიდი საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს კი 45 მედიასაშუალების დაახლოებით 2 ათასი ჟურნალისტი აშუქებს.