სანდრა რულოვსი: „ხმა მივეცი ზუგდიდის ევროპულ მომავალს"

დღეს საქართველოს ცალკეულ რაიონებში არჩევნები ტარდება – მოსახლეობა აირჩევს როგორც ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისე ქვეყნის პარლამენტის დეპუტატს.
Sputnik

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოვსმა ზუგდიდის №82-ე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

გახარია: ყველა პროვოკაციაზე პოლიციის მხრიდან იქნება მკაცრი და სწრაფი რეაგირება

ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2017 წელს მმართველი პარტიიდან მერის პოსტზე არჩეული ლაშა გოგია 2018 წლის სექტემბერში თანამდებობიდან გადადგა. ორი თვის შემდეგ ის ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>

ზუგდიდის რაიონში 121 ათასზე მეტი ამომრჩეველი ხმას 107 საარჩევნო უბანზე მისცემს.

ზუგდიდის რაიონის მერის პოსტზე 16 კანდიდატი იბრძვის.

„ხმა მივეცი ცვლილებებს, ადამიანებზე ზრუნვას, დასაქმებას. დღეს მთელი ქვეყანა გვიყურებს და არის ამ ცვლილებების მოლოდინში. მეც ვგრძნობ ამ დიდ პასუხისმგებლობას და თითოეულმა ზუგდიდელმა უნდა იგრძნოს ეს დიდი პასუხისმგებლობა. მე ხმა მივეცი ასევე ნათელ ევროპულ მომავალს ზუგდიდში," - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

დღეს, დილით, ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის წევრებსა და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის" დამკვირვებლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარემ გადასატან ყუთში საკონტროლო ფურცელი ბეჭდის გარეშე ჩააგდო, შესაბამისად გადასატანი ყუთი დაილუქა და 31 ადამიანი, შესაძლოა, ხმის მიცემის უფლების გარეშე დარჩეს.

პირველი ინციდენტი ზუგდიდში: №82-ე საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთი დალუქეს

დღეს გამართულ არჩევნებს აკვირდება 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6,1 ათასზე მეტი დამკვირვებელი და შვიდი საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს კი  45 მედიასაშუალების დაახლოებით 2 ათასი ჟურნალისტი გააშუქებს.

დღეს შუალედური არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტსა და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში – თითოეულ შემთხვევაში ბრძოლა ერთი დეპუტატის სავარძლისთვის მიდის. პარალელურად იმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.

სანდრა რულოვსი: „ხმა მივეცი ზუგდიდის ევროპულ მომავალს"