კალაძე: დავანახოთ ყველას, როგორი ერთიანები, ძლიერები და ღირსეულები ვართ

დღეს საქართველოს ცალკეულ რაიონებში არჩევნები ტარდება – მოსახლეობა აირჩევს როგორც ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისე ქვეყნის პარლამენტის დეპუტატს
Sputnik

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, მაქსიმალურად იაქტიურეთ და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი, - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>

დღეს შუალედური არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტსა და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში – თითოეულ შემთხვევაში ბრძოლა ერთი დეპუტატის სავარძლისთვის მიდის. პარალელურად იმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.

კახა კალაძემ იმ მოქალაქეებს, ვინც უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, მადლობა გადაუხადა და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს ზუგდიდში, ჭითურაში, ზესტაფონში, მარნეულსა და ხულოში, მაქსიმალურად იაქტიურეთ და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი. ასევე მივმართავ ჩევნს თანამოქალაქეებს საგარეჯოში, ადიგენში, ტყიბულში, წყალტუბოში, ოზურგეთსა და ახმეტაში, კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას, თუ როგორი ერთიანები, ძლიერები და ღირსეულები ვართ", -განაცხადა კახა კალაძემ.

კობახიძე: „ოპოზიციის მომხრეების მხრიდან დესტრუქციული მოქმედებების საშიშროება არსებობს"

დედაქალაქის მერმა თბილისელებსაც მოუწოდა აქტიურობისკენ და აღნიშნა, რომ მაღალი აქტივობის შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" მთაწმინდის ოლქში პირველივე ტურში გამარჯვების ძალიან დიდი, რეალური შანსი აქვს.

დღეს გამართულ არჩევნებს აკვირდება 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6,1 ათასზე მეტი დამკვირვებელი და შვიდი საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს კი 45 მედიასაშუალების დაახლოებით 2 ათასი ჟურნალისტი გააშუქებს.