უპრეცედენტო პროექტი - რიკოთის უღელტეხილზე გზის ახალ მონაკვეთს აშენებენ

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შემაერთებელ მთავარ მაგისტრალზე 2020 წლისათვის გზის ახალი მონაკვეთი გაეშვება ექსპლუატაციაში
Sputnik

რეგიონში უპრეცენდენტო ინფრასტრუქტურული პროექტის - რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა დაიწყო. ეს პროექტი ევროპაში ერთ-ერთი ურთულესია საინჟინრო თვალსაზრისით, ამიერკავკასიაში კი მსგავსი მასშტაბის პროექტი ჯერ არ განხორციელებულა, იტყობინება საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინისტრო.

ამ დროისთვის, სამუშაოები უკვე დაწყებულია რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისასა 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან მონაკვეთებზე. კერძოდ, მიმდინარეობს სამშენებლო მოედნის გასუფთავება, ნაყოფიერი ფენის მოხსნა, ბანაკებისა და ქარხნების მოწყობა.

ხევი-უბისას მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანია შეასრულებს 

უახლოეს მომავალში გამარჯვებული გამოვლინდება და სამშენებლო სამუშაოები დაიწყება ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, ხოლო შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე მიმდინარე წელს გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების დასაწყებად.

ხევი-უბისას მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და პროექტის ღირებულება 732 მლნ ლარზე მეტია, ხოლო უბისა-შორაპანის მონაკვეთზე  სამშენებლო სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) აფინანსებს და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება  902 მლნ ლარამდეა. 

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. საერთო ჯამში რიკოთის საუღელტეხილო გზის შენებლობის დასრულება დაგეგმილია 2022 წლისთვის.

რიკოთის ავტობანის პროექტის განხორციელება 2022 წლამდე გადავადდა

ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელ სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას, უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს. თუ დღეს, წითელი ხიდიდან სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ ამ გზის გავლა 4-4.5 საათში იქნება შესაძლებელი, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ბოლომდე აშენება და გამართული ფუნქციონირება  უმნიშვნელოვანესია მიმზიდევლი სატრანსპორტო დერეფნის ჩამოსაყალიბებლად. ასევე, მზარდი ტურისტული ნაკადის პირობებში, განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება უსაფრთხო და კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას.