მართალია, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია პარლამენტშიც მივიდა და საქმიანობის 8 თვის ანგარიშიც წარადგინა, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანი თუ მიხვდა, ან რატომ დაინიშნა ეს კაცი ქართული, არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის მინისტრად და ან რატომ მოხსნეს. ცხადია მხოლოდ ის, რომ ქობულიას უფრო მეტის ამბიცია ჰქონდა და აქვს და მომავალში არც პოლიტიკური საქმიანობის დაწყებას გამორიცხავს. მაგრამ აქვს თუ არა მას პოლიტიკოსისთვის აუცილებელი ცნობადობა და ნდობა საზოგადოების მხრიდან, ეს მეორე საკითხია.
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ქობულია პოლიტიკაში ყოფილ პრემიერთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთად აპირებს დაბრუნებას. ბოლო დღეებია, ქართული მასმედია აქტიურად წერს, რომ კვირიკაშვილის პარტიას, თუ ის შედგება, ასევე შეუერთდებიან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, მისი მეგობარი და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი ბიძინა გეგიძე, სკანდალურად ცნობილი დეპუტატი შოთა შალელაშვილი, დეპუტატი და მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი და დეპუტატი ლევან კობერიძე.
საპარლამენტო უმრავლესობაში ჯერ კიდევ მრავლად არიან კვირიკაშვილის კადრები, რომლებიც მასთან ერთად პოლიტიკური კარიერის გაგრძელებაზე უარს არ იტყოდნენ, თუმცა დამოუკიდებელი პოლიტიკური კაპიტალი არც ერთ მათგანს არ გააჩნია და ძნელი სათქმელია, რითი აპირებენ საზოგადოების მოხიბვლას.
საქმე ისაა, რომ წინა პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილისგან განსხვავებით, კვირიკაშვილი უფრო რთულად და მეტად გალანძღული წავიდა ხელისუფლებიდან. ყველამ ნახა მისი ვილა, რომლის მსგავსი ღარიბი საქართველოს პრემიერს კი არა, კარგი ეკონომიკის ქვეყნების პრემიერს ვერ უნდა აეშენებინა ორ წელიწადში. დასკვნა, თუ რამდენად არაკორუმპირებული იყო საქართველოს პრემიერი, რომელიც ივანიშვილმა ბავშვთა სიღარიბის გამო გადააყენა თანამდებობიდან, საკმაოდ მარტივია. საქართველოში კი მდიდარი პოლიტიკოსები არ უყვართ და საკმაოდ სამართლიანადაც. გამონაკლისს ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენდა და ისიც საკმაოდ მარტივი მიზეზის გამო – ბიძინა ივანიშვილს ფული საქართველოში არ უშოვია და, მეორეც – საკუთარი კაპიტალის დიდ ნაწილს ის ქველმოქმედებაში ხარჯავს და პიროვნულად ნაკლებადაა ფუფუნების მოყვარული.
ამ თვისებებით გიორგი კვირიკაშვილი ნაკლებად დაიკვეხნის. მან პრემიერობის დროსვე მოასწრო ვილების აშენება, როცა შეეძლო სხვა მაღალჩინოსნებივით ნაშოვნი ფული გადაემალა და მაშინ ესიამოვნა, როცა ხალხს დაავიწყდებოდა. ჟურნალისტი ელისო კილაძე სისტემატურად წერს, რომ კვირიკაშვილისა და ქუმსიშვილის ოპერაციებთან დაკავშირებით პროკურატურაში სქელტანიანი ტომები დევს.
წერდნენ, რომ გიორგი კვირიკაშვილი, ქობულიას მსგავსად, არ ერიდებოდა უცხოელებთან იმაზე წუწუნს, რომ ბიძინა ივანიშვილი მას გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას არ აძლევდა, თუმცა ამ სიტყვებს მაშინ ექნებოდა ფასი, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში რომ ყოფილიყო ნათქვამი, თანაც – კონკრეტული მაგალითებით გამყარებული. პროკურატურის ტომები კი მუდმივად იქნება ის დამოკლეს მახვილი ახალი პოლიტიკური ძალის თავზე, რომელიც მათ მოქმედების საშუალებას არ მისცემს.
ზოგადად, 2020-ის არჩევნები იმითაა საინტერესო, რომ ბევრ პოლიტიკურ ძალას გაუჩენს 3-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის ილუზიას, მაგრამ რეალობა უფრო მკაცრი იქნება და, შესაძლოა, დიდი მრავალფეროვნების ნაცვლად დიდი იმედგაცრუება ვიხილოთ. ზოგადად ანალიტიკოსები კოალიციურ მთავრობას ელოდებიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კვირიკაშვილის, ქობალიას და ნარჩემაშვილის პარტია ხალხს რაიმეთი დააინტერესებს. არჩევნების მოსაგებად, ფულთან ერთად, იდეა და რეპუტაციაა საჭირო. იმიჯს კი შეიქმნი ფულით, მაგრამ რეპუტაციას ვერ იყიდი.
ასეა თუ ისე, წინ კიდევ ბევრი საინტერესო მოვლენა გველოდება, მაგრამ 2020-სთვის, სამწუხაროდ, მესამე – „ოცნებისა" და „ნაციონალების" ალტერნატიული ძალა არ ჩანს. თუმცა შემოდგომამდე ჯერ კიდევ რჩება დრო კონსულტაციებისა და პოლიტიკური გადაჯგუფებებისათვის. აი, მინიმუმ ერთი წელი კი ნამდვილად საჭიროა იმისთვის, რომ არჩევნებში გარკვეული შედეგები აჩვენო.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!