დიასპორა, როგორც მებრძოლი ძალა – ზურაბიშვილი ესტონეთში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა

ქართველი სტუდენტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ, რამდენად შეძლებენ უცხოეთში მიღებული ცოდნის სამშობლოში გამოყენებას
Sputnik

თბილისი, 17 მაისი — Sputnik.  ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტუდენტებსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ორდღიანი ვიზიტი ესტონეთში ხუთშაბათს,  16 მაისს, ესტონელ კოლეგა კერსტი კალიულაიდთან საზეიმო შეხვედრით დაიწყო.  

რატომ გადაუხადა ვიზიტის წინ ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს მადლობა

„მე ყოველთვის ძალიან ბედნიერი ვარ, როცა მეძლევა საშუალება საზღვარგარეთ ვიზიტებისას გავიცნო ქართველები, როგორ ცხოვრობენ,  ვინ არიან და რას საქმიანობენ... მიმაჩნია, რომ თქვენ ამ ქვეყანაში დიდი როლი გაქვთ, რადგან ესტონეთი ჩვენი დიდი მეგობარი ქვეყანაა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის განცხადებით, დიასპორის წარმომადგენლები და უცხოეთში მცხოვრები სტუდენტები, ქვეყნის პროგრესისა და განვითარების „მებრძოლი ძალაა“.

ქართველმა სტუდენტებმა პრეზიდენტთან  უცხოეთში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების  სამშობლოში გამოყენების შესაძლებლობებსა და პრობლემებზე ისაუბრეს.  სტუდენტების დაინტერესდნენ, გააჩნია თუ არა საქართველოს სახელმწიფოს განვითარების ხედვა, რა მიმართულებით იგეგმება ქვეყნის განვითარება და რა ნიშა შეიძლება დაიკავონ მათ მომავალში, საქართველოში დაბრუნების  შემდეგ.

ზურაბიშვილმა ასევე გამართა შეხვედრა ესტონეთის პრემიერ–მინისტრ იური რატასთან. საქართველოს პრეზიდენტმა რატასი პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მოიწვია, რომლის გამართვაც მიმდინარე წლის ზაფხულში ბათუმში იგეგმება. 

„სამი მოთხოვნადი პროფესია" – რა უთხრა ზურაბიშვილმა ქართველ სტუდენტებს ლატვიაში

მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული მნიშვნელობა დაეთმო განათლების თემას, ქართველი ახალგაზრდები ხომ წარმატებით სწავლობენ ესტონურ უმაღლეს სასწავლებლებში. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუას განცხადებით, შეხვედრის დროს ესტონურმა მხარემ საქართველოსთან ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებებით თანამშრომლობის თაობაზე მზადყოფნა გამოთქვა.

საქართველომ და ესტონეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივნისს დაამყარეს. ამის შემდეგ ქვეყნებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ 20 საერთაშორისო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. პრიორიტეტულია ისეთი მიმართულებები, როგორიცაა თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა, ტურიზმი, გარემოს დაცვა, განათლება და კულტურა.

საქართველოში ესტონეთის საელჩო 2006 წელს გაიხსნა, ესტონეთში ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობა კი 2007 წელს. დღეისთვის საქართველოს ესტონეთში ელჩი თეა ახვლედიანი წარმოადგენს, საქართველოში კი ელჩი კაი კაარელსონია.