„ისეთი მდგომარეობაა, რომ მანქანა შეიძლება მიწაში აღმოჩნდეს" – ჭავჭავაძის გამზირი იკეტება

პირველ რიგში ჩაიკეტება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან „პიქსელის" შენობამდე მონაკვეთი, რომელიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია.
Sputnik

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. თბილისში ილია ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დაიწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ოთხშაბათს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

თბილისის მერიამ ვაკის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა

როგორც კალაძემ აღნიშნა, სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება და, შესაბამისად, გამზირი ნაწილობრივ გადაიკეტება, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემები არ შეექმნას.

თბილისის მერიამ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციისთვის 7,89 მლნ ლარი გამოყო. რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაახლოებით 2,5 კმ გზის მონაკვეთს და აღდგება გზის საფარი, მოწესრიგდება სანიაღვრეები, პანდუსები და ბორდიურები.

„როდესაც კომპანია Georgian Water and Power-თან ამ პროექტზე საუბარი გვქონდა, აღინიშნა, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები ისეთ მდგომარეობაშია, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მოძრავი ავტომობილი მიწაში აღმოჩნდეს", – განაცხადა კალაძემ.

მერის სიტყვებით, პირველ რიგში ჩაიკეტება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან „პიქსელის" შენობამდე მონაკვეთი, რომელიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია.

თბილისში „საცობები" შემცირდება: დასახელდა ვახუშტის ხიდის გახსნის თარიღი

მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლის პარალელურად თბილისის მერია ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოებსაც დაიწყებს.

„ეს არის საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, გარე განათების ქსელის შეცვლა, LED-განათებების დამონტაჟება, ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშ განთავსება, გამწვანების სამუშაოების ჩატარება", – აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, მოსახლეობა სარემონტო სამუშაოების პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების ცვლილებასთან დაკავშირებით სრულად იქნება ინფორმირებული.

2019 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 357 მლნ ლარი გამოიყო. ამ მომენტისთვის თბილისში ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოები ვახუშტის ხიდსა და კანდელაკის ქუჩაზე მიმდინარეობს.