თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოში სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს ქართული ენის შესწავლაში დაეხმარებიან, ნათქვამია საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს Facebook-გვერდზე.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ და საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც რელიგიური კონფესიების ლიდერებისთვის ქართული ენის სწავლებას ითვალისწინებს.
მემორანდუმი ხორციელდება სააგენტოს პროექტის „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის" ფარგლებში და მისი მიზანი რელიგიურ უმცირესობებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობაა.
„საქართველოში მყოფი რელიგიური ლიდერები, უმაღლესი იერარქიის წარმომადგენლები თუ დაბალი რანგის სასულიერო პირები სახელმწიფო ენის სწავლის პროგრამაში ჩაერთვნენ, რათა მომავალში უფრო მჭიდრო იყოს კომუნიკაცია, ერთი მხრივ, სახელმწიფოსთან, მეორე მხრივ კი თავად რელიგიურ ჯგუფებს შორის", – განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ.
ქართული ენის სწავლის სურვილი უკვე 150-მა სასულიერო პირმა გამოთქვა, მათ შორის საქართველოს მუსლიმი, სომხური და ნაწილობრივ კათოლიკური თემის წარმომადგენლები არიან. ვაშაყმაძის სიტყვებით, ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რამდენადაც ქართული ენის შესწავლის მზადყოფნა გამოთქვა მრევლმაც.
„დღეს თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის ფარგლებშიც ჩაუტარდებათ ენის შემსწავლელი კურსები საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ იზრდება სახელმწიფო ენის სწავლის მიმართ ინტერესი და ჩვენი რესურსებით მზად ვართ, რომ მივიღოთ მონაწილეობა ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში", – განაცხადა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა.
მსგავსი პროექტის შექმნის აუცილებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც საქართველოს რელიგიურ საკითხთა სააგენტოს ორგანიზებით გამართულ ტრენინგზე, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ეხებოდა, ტრენინგის მონაწილე რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ სასულიერო პირებს სახელმწიფო ენის სათანადოდ, ან საერთოდ არცოდნის გამო გაუჭირდათ თემის გაგება და აღქმა.