როდის მიიღებს საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგ ტრანშს

სსფ პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკის შედეგებით კმაყოფილია
Sputnik

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის მეოთხე მიმოხილვას საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) დირექტორთა აღმასრულებელი საბჭო ივნისში განიხილავს, განაცხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიამ დაასრულა ორკვირიანი სამუშაო ვიზიტი საქართველოში, სადაც სსფ-ის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის შესრულებას აკვირდებოდა. ამ პერიოდში მისია გაეცნო საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას და მიმდინარე რეფორმებს.

როდის მიიღებს საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგ ტრანშს

მისიის ხელმძღვანელის განცხადებით, მიმოხილვის მოწონების შემთხვევაში საქართველო სსფ-გან დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ოდენობის მორიგ ტრანშს მიიღებს. ბოლო ტრანში საქართველომ სსფ-გან 2019 წლის დეკემბერში, პროგრამის მესამე მიმოხილვის დამტკიცების შემდეგ მიიღო.

„სუსტი საგარეო გარემოს მიუხედავად, წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2019 წლის პირველ კვარტალში მაღალი იყო“, - განაცხადა ვერა-მარტინმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი საქართველოს მაისში ეწვევა

2019 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის ზრდის სსფ-ის პროგნოზი 4,6% პროცენტია.

„ინფლაცია 3-პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს ოდნავ გადააჭარბებს, ძირითადად, თამბაქოზე აქციზის ზრდის გამო. სტრუქტურული რეფორმები და ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში დააჩქარებს ზრდას საშუალოვადიან პერიოდში და ზრდა დაახლოებით წლიურ 5,25%-ს შეადგენს. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ნელ-ნელა შემცირდება, სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების საფუძველზე“, – განაცხადა მერსედეს ვერა-მარტინმა.

ახალი სამწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერას გულისხმობს, სსფ-მა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. შეთანხმება გულისხმობს საქართველოსთვის დაახლოებით 297,5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, საიდანაც 166,3 მილიონ დოლარზე მეტი საქართველომ უკვე მიიღო.