ქართველი ფალავნები ქვიშაზე ყველაზე ძლიერები არიან

ქართველმა ათლეტებმა ბრაზილიაში გამართულ ტურნირზე ყველა ოქროს მედალი აიღეს
Sputnik

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ქართველმა მოჭიდავეებმა ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს „მსოფლიო სერიის“ ტურნირზე საპლაჟო ჭიდაობაში, რომელიც ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში დასრულდა, ნათქვამია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ფალავნებმა ასპროცენტიანი შედეგი აჩვენეს. შეჯიბრება ოთხ წონით კატეგორიაში იმართებოდა და ოთხივეში ქართველებმა კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავეს.

17 მედალი! ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფი კიევის ტურნირზე

ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: ლევან ქელეხსაშვილი (-70 კგ), დავით ხუციშვილი (-80 კგ), დავით მარსაგიშვილი (-90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ). აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებაზე იყო მოწვეული საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ზაზა ჯიბლაძე.

„მსოფლიო სერიის“ მესამე ეტაპი საპლაჟო ჭიდაობაში 9-10 აგვისტოს ოდესაში გაიმართება.

რიო-დე-ჟანეიროში გამართული შეჯიბრება - ეს არის პირველი მსოფლიო საპლაჟო თამაშების სალიცენზიო ტურნირი. თამაშები მიმდინარე წლის ოქტომბერში სან-დიეგოში (აშშ) გაიმართება. თამაშებზე წარმოდგენილი იქნება სპორტის ისეთი სახეობები, როგორიცაა საპლაჟო ფეხბურთი, საპლაჟო ფრენბურთი, საპლაჟო ჩოგბურთი, ჭიდაობა, კარატე, სერფინგი, წყლის თხილამურები და სხვ.