ბათუმში კინოფორუმი „თანამეგობრობა“ იწყება

70-ზე მეტი კინემატოგრაფისტი 14 ქვეყნიდან მონაწილეობას მიიღებს კინოფორუმში „თანამეგობრობა“, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება
Sputnik

თბილისი, 13 მაისი - Sputnik. დსთ-ის ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა საერთაშორისო კინოსკოლის - „თანამეგობრობის“ მეოთხე სეზონი სამშაბათს, 14 მაისს, ქალაქ ბათუმში გაიხსნება.

როგორც „Sputnik-საქართველოს“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, 2019 წელს კინოსკოლა უმასპინძლებს 70-ზე მეტ მონაწილეს 14 ქვეყნიდან: საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, მოლდოვიდან, ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან და ესტონეთიდან. ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორია საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“.

რას სთხოვს კინემატოგრაფის ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე მოწინააღმდეგეებს

„წელს კინოსკოლა „თანამეგობრობამ“ გააფართოვა საზღვრები, განრიგი, ჩვენება. გაიმართება არა მხოლოდ ტრადიციად ქცეული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი, ფილმების პრემიერა, არამედ ფორუმის მსვლელობისას „თანამეგობრობის“ მონაწილეთა მიერ ექსპერიმენტული ალმანახის გადაღებები, დაგეგმილია სპეციალური მოვლენები: ჩვენებები სახურავზე და მრავალი სხვა. „თანამეგობრობა“ საგანმანათლებლო გზავნილს შეიცავს - თან არა მხოლდ თეორიულს, არამედ პრაქტიკულსაც“, - უამბო Sputnik-ს კინოსკოლის პროგრამულმა დირექტორმა ალექსანდრ ჟუკოვმა.

ჟუკოვის სიტყვებით, „თანამეგობრობის“ პროგრამით მონაწილეებს ასევე ელოდება მასტერ-კლასები, მრგვალი მაგიდა საერთაშორისო კინოთანამშრომლობის პრობლემებზე, ფილმების განხილვა. ღონისძიება გაიხსნება გამოჩენილი ქართველი რეჟისორის გიორგი დანელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი სეანსით და მისი ფილმით „არ დაიდარდო!“.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, წელს ახალგაზრდა კინემატოგრაფების კურატორებად მოგვევლინებიან ახალი კინემატოგრაფიული თაობის ცნობილი რეჟისორები.

გიორგი დანელიას სევდიანი კომედიები: მეგობრები იხსენებენ

„ტრადიციულად, ჩვენი მონაწილეების კურატორების როლში გამოდიან ცნობილი რეჟისორები, რომელთა სახელებიც წინა საფესტივალო წელს გაჟღერდა. ასე იყო შარშანაც, როდესაც კურატორები გახდნენ ალექსეი გერმანი, ალექსანდრ კოტი, მიხეილ სეგალი. ასეა წელსაც: ალექსეი ჩუპოვი, ნატალია მერკულოვა, ნატალია კუდრიაშოვა, რომლის ფილმი „ადამიანი, რომელმაც ყველა დაინახა“ დაჯილდოვდა ვენეციის ფესტივალზე; ალექსეი ფედორჩენკო, რომლის ფილმმა „ანას ომმა“ რუსეთის ყველა კინოპრემია მიიღო; რომან ბილიკი, რომელსაც კანის ფესტივალის ჯილდო ერგო; ივან ტვერდოვსკი, 50-ზე მეტი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატი; ვლადიმერ ბიტოკოვი, სოკუროვის მოსწავლე, რომლის დებიუტი საუკეთესო გახდა შარშანდელ „კინოტავრზე“ და სხვ“, - ამბობს ჟუკოვი.

აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოხსენებულ ფილმს საქართველოში პირველად ნახავენ. ჩვენება მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიმართება.

„თანამეგობრობის“ კონკურსს შეაფასებს კრიტიკოსთა საერთაშორისო ჟიური. წელს ჟიურის წევრები არიან ინა ბეზირგანოვა (საქართველო), ალექსანდრ გუსევი (უკრაინა), ემილ ჯუმაბაევი (ყირგიზეთი), მოკლემეტრაჟიანი კონკურს „ლისტოპადის“ კურატორი ნიკოლაი ლავრენიუკი, კინომცოდნე, ჟურნალ „კინოხელოვნების“ რედაქტორი ევგენი მაიზელი, ვებგვერდის Кино-театр.Ру მთავარი რედაქტორი ჟან პროსიანოვი, კინომცოდნე დიმიტრი საველიევი (რუსეთი).

ტრადიციულად, საუკეთესო ფილმებს მონაწილეთა საერთო კენჭისყრით გამოავლენენ. მათ ოსტატებისა და პრესის დიპლომებსა და პრიზებს გადასცემენ.

კინოსკოლის ორგანიზატორია კინოკომპანია М Премьера. პროექტი დსთ-ის წევრ სახელმწიფოთა ჰუმანიტარული თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი ფონდის მხარდაჭერით იმართება. გენერალური პროდიუსერი და სამხატვრო ხელმძღვანელი - რუსეთის კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა აკადემიის „ნიკას“ წევრი, მოსკოვის პრემიის ლაურეატი ვიაჩესლავ შმიროვი.

კინოსკოლის არსებობის განმავლობაში, სხვადასხვა წელს, 130-ზე მეტი ფილმის ჩვენება გაიმართა, მისი სპიკერები კი იყვნენ ისეთი ცნობილი კინემატოგრაფისტები, როგორებიც არიან ალექსანდრ სოკუროვი, ალექსანდრე მინდაძე, ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი, კარენ გევორქიანი, სერგეი ტრიმბაჩი, ნატალია მეშჩანინოვა და სხვები.