ქართველმა ჩოგბურთელმა რომის „მასტერსზე“ პირველი მატჩი მოიგო

ქართველმა სპორტსმენმა მონტე-კარლოს ტურნირზე აპრილში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო
Sputnik

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგი მე-17 ნომერი) რომში „მასტერსის“ სერიის ტურნირზე ასპარეზობა მოგებით დაიწყო.

პირველ წრეში ბასილაშვილი შეხვდა უნგრელს მარტონ ფუჩოვიჩს (36) და ორ სეტში მოიგო - 6:1, 7:6. მატჩი ერთ საათსა და 40 წუთს გაგრძელდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის ტურნირს პირველი წრის შემდეგ გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელის წარმატება განაპირობა მეტოქის ცუდმა თამაშმა მეორე ჩაწოდებაზე. ფუჩოვიჩმა თავისი მეორე ჩაწოდების შემდეგ ბურთების მხოლოდ 31% მოიგო, მაშინ, როდესაც ბასილაშვილის ანალოგიურმა მაჩვენებელმა 61% შეადგინა.

მატჩის განმავლობაში ჩვენმა ჩოგბურთელმა ხუთი ბრეიკ პოინტის რეალიზება შეძლო, ხოლო თავისი ჩაწოდება სულ ორჯერ დათმო.

აღსანიშნავია, რომ აპრილის შუა რიცხვებში მეტოქეები ერთმანეთს მონტე-კარლოში „მასტერსის“ პირველ წრეში შეხვდნენ. მაშინ გამარჯვება იზეიმა ფუჩოვიჩმა, რომელმაც სამ პარტიაში ანგარიშით 7:5, 3:6, 6:1 მოიგო.

რამ განაპირობა ნიკოლოზ ბასილაშვილის АТР-ს რეიტინგში ჩამოქვეითება

რომში ტურნირის მეორე წრეში გასვლამ ბასილაშვილს 45 სარეიტინგო ქულა და 33,5 ათასი ევრო მოუტანა.

მომდევნო რაუნდში ქართველი ჩოგბურთელი მიხაილ კუკუშკინის (ყაზახეთი) - ლასლო დიარეს (სერბეთი) წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.

Internazionali BNL d"Italia 19 მაისამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 5 მილიონ 207 ათას ევროს შეადგენს, ხოლო მოქმედი გამარჯვებული რაფაელ ნადალია.