თბილისში ერთ თვეში შვიდი ათასზე მეტი გაზდანადგარი ჩახსნეს

გაფრთხილების მიუხედავად, თბილისელები კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარებით სარგებლობას აგრძელებენ
Sputnik

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებმა უსაფრთხოების წესების დაცვაზე აბონენტების განმეორებითი შემოწმება დაიწყეს და კვლავ დარღვევები აღმოაჩინეს, განუცხადეს კომპანიის პრესსამსახურში „Sputnik-საქართველოს“.

შემოწმება ჩაუტარდა იმ აბონენტებს, რომლებსაც თავის დროზე კუსტარულად დამონტაჟებული ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებლები უკვე ჩაუხსნეს.

ყაზტრანსგაზ-თბილისი: ერთ თვეში 2 381 გაზის დანადგარი ჩაიხსნა

აღმოჩნდა, რომ უმრავლესობამ თვითნებურად კვლავ დააერთა აკრძალული გაზდანადგარები, რითაც როგორც თავიანთი ოჯახების წევრების, ისე მეზობლების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს.

სტატისტიკის თანახმად, აპრილში ყველაზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა ისანი-სამგორის, დიდუბე-ჩუღურეთის და გლდანი-ნაძალადევის რაიონებში.

მხოლოდ აპრილში სპეციალისტებმა ქსელიდან ჩახსნეს 7 281 კუსტარულად დამონტაჟებული ღია წვის კამერიანი გამათბობელი და „კალონკა“.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“: 2018 წელს ბუნებრივ აირზე მომუშავე 69 133 დანადგარი ჩაიხსნა

გაზდანადგარების ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ბოლო თვეებში გახდა, როდესაც თბილისში ადამიანების დაღუპვის ფაქტები გახშირდა.

მიმდინარე წლის იანვრის შუა რიცხვებში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დიდ დიღომში მრავალსართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა, დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. 31 იანვარს ისანში მხუთავი აირით გამოწვეული ინტოქსიკაციით შვიდი ადამიანი დაიღუპა.