საქართველო საფრანგეთს მაფიასთან ბრძოლაში დაეხმარება

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანერი ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
Sputnik

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა გიორგი გახარიამ და კრისტოფ კასტანერმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ქართველი პოლიციელები ფრანგ კოლეგებს საფრანგეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებაში დაეხმარებიან.

რაზე შეთანხმდნენ საქართველო და ევროპოლი>>>

„ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ძალიან კარგი ბაზა გვაქვს. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს იმას, რომ ეს ბრძოლა უფრო ეფექტური გახდეს. ეს გამოიხატება იმაში, რომ ახლო მომავალში ორი ქართველი ოფიცერი პირდაპირ ჩაერთვება ფრანგული პოლიციის საგამოძიებო პროცესში, განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც საფრანგეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეები სჩადიან დანაშაულს", – განაცხადა გახარიამ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

გერმანიის ხელისუფლება საქართველოს უსაფრთხოებაში დარწმუნებულია

მინისტრის სიტყვებით, საფრანგეთში მუშაობს პოლიციის ერთი ატაშე, მაგრამ მისი ჩართულობის ხარისხი საკმარისი არ არის. ამიტომ საფრანგეთში ორი გამომძიებლის გაგზავნის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

„ეს ნიშნავს, რომ ორი უწყება, ქართული პოლიცია და ფრანგული პოლიცია ერთად გამოიძიებენ და ერთობლივად ჩაატარებენ პრევენციულ ღონისძიებებს იმ დანაშაულთან მიმართებაში, რომლებშიც შეიძლება ეჭვმიტანილები იყვნენ ქართული წარმოშობის დამნაშავეები", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოსთან თანამშრომლობით კმაყოფილია საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრიც.

„პირველ რიგში, ჩვენ კარგად ვთანამშრომლობთ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით. მნიშვნელოვანია მაფიოზურ ორგანიზაციებთან ბრძოლა, მათთან, ვინც აყალიბებს ორგანიზაციებს და პატივს არ სცემს სამართალს, და ამ კუთხით ინფორმაციის გაცვლა ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ამ სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება ძალზე მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია მთელ მსოფლიოში ბრძოლა ტერორიზმთან", – განაცხადა კასტანერმა.

„უსაფრთხო ქვეყანა“ – კრიმინალთან ბრძოლა თუ ტოტალური კონტროლის საფრთხე

საქართველოს შსს-სთვის საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა პრიორიტეტულია. 2017 წლის აპრილში სამინისტრომ ევროპის პოლიციის სამსახურთან (ევროპოლი) ხელი მოაწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, ხოლო 2018 წლის სექტემბერში ევროპოლის შტაბ-ბინაში საქართველოს ოფისი გაიხსნა. ამასთან, ევროპის ქვეყნებში ქართველი პოლიციის ატაშეები გაიგზავნა.

მაისის დასაწყისში გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს შსს ათობით საერთაშორისო სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, რომლის ფარგლებშიც ევროპაში ათობით დამნაშავე, მათ შორის, ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს. მთლიანობაში საფრანგეთში, ესპანეთში, საბერძნეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში 21 ოპერაცია ჩატარდა.