კანონმდებლობა გამკაცრდება: ხელისუფლება ცივ იარაღზე წვდომას შეზღუდავს

საქართველოს ხელისუფლება ცივი იარაღის ბრუნვასა და იმპორტზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს
Sputnik

თბილისი, 10 მაისი - Sputnik. საქართველოში იგეგმება კანონმდებლობის გამკაცრება, რომელიც ცივი იარაღის შეძენისა და შენახვის წესებს არეგულირებს, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარასკევს ბრიფინგზე.

მინისტრის განცხადებით, კანონმდებლობის გამკაცრების მიზანი ცივ იარაღზე არასრულწლოვანებისა და ნასამართლევი პირებისთვის წვდომის შეზღუდვაა.

საქართველოში დანაშაული კვლავ იზრდება - გამოქვეყნდა შსს-ს სტატისტიკა>>

„ჩვენი მიზანი გახლავთ, ძირითადად, რომ რეგულაციებით ცივ იარაღზე წვდომა შევზღუდოთ, პირველ რიგში, არასრულწლოვანებისა და ნასამართლევებისა. ეს ცვლილებები გადაიგზავნება პარლამენტში და დიდი იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში შევა ძალაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, პროექტი ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას ცივი იარაღის უკანონოდ გაყიდვაზე და იმპორტის შეზღუდვას.

კანონმდებლობის გამკაცრების საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც ისაუბრა.

თელავში ახალგაზრდა გოგონამ დედა ცივი იარაღით დაჭრა

„საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგის დაცვა თითოეული ჩვენგანის პრიორიტეტია და, ბუნებრივია, ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. დაგეგმილი გვაქვს რიგი ღონისძიებები და ამას ვაკეთებთ ისე, რომ დაცული იყოს დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი პრინციპები – ადამიანის უფლებები და თავისუფლება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ახალი შესწორებები მიზანმიმართული იქნება ცივი იარაღის უკანონო ბრუნვის კონტროლზე.

 „საქართველოში დღეს არსებული რეგულაციით, ცივი იარაღით ვაჭრობა შეუძლია ნებისმიერ პირს, ნებისმიერ ადგილას, მათ შორის, სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე, და ეს ხდება ფაქტობრივად ყოველგვარი სტანდარტის დაცვის გარეშე. ეს მიუღებელია. ჩვენი რეგულაცია ითვალისწინებს ახალი პრაქტიკის, ახალი რეგულაციების დანერგვას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, საშუალებას მოგვცემს, დავაზღვიოთ ძალიან ბევრი რისკი, რომელიც იარაღის უკანონო მიმოქცევასთანაა დაკავშირებული", – განაცხადა ბახტაძემ.

კრიმინალისტიკური ლაბორატორია: საქართველოში დანაშაულს უფრო სწრაფად გახსნიან>>

საქართველოში ცივი იარაღის ტარება საზოგადოებრივ ადგილებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ისჯება 200-ლარიანი ჯარიმით. ცივი იარაღის მიყიდვა არასრულწლოვანისთვის ისჯება 300-ლარიანი ჯარიმით.