დატბორილი ნაკვეთები და მოსალოდნელი საფრთხე: ძლიერმა წვიმამ დუშეთის რაიონი დააზარალა

თუ წვიმა გაგრძელდება, ადიდებული არაგვი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებსაც მიაღწევს.
Sputnik

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. ძლიერი წვიმის გამო დუშეთის რაიონში მდინარე არაგვი ადიდდა და სოფელ მაღაროსკარის მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სოფლის მცხოვრებლები არ გამორიცხავენ, რომ თუ წვიმა გაგრძელდება, ადიდებული მდინარე მათ საცხოვრებელ სახლებსაც მიაღწევს.

ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

წყალდიდობა კახეთში – მოსახლეობა შველას ითხოვს

კოკისპირულმა წვიმამ პრობლემები შექმნა ასევე ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში: წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები. ძლიერი წვიმა თელავსა და ახმეტაში გუშინ, დაახლოებით 22:30 საათზე დაიწყო და მთელი ღამე გაგრძელდა.

წვიმამ პრობლემები შეუქმნა პანკისის ხეობის მოსახლეობასაც. სოფელ დუისში, ჯოყოლოსა და ხალაწანში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ნალექი გაგრძელდება, თუმცა სითბო შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვაც.