ცესკო 19 მაისის არჩევნებზე თანამედროვე ტექნოლოგიას გამოიყენებს

რამდენიმე საარჩევნო უბანზე ბიულეტენებს სპეციალური აპარატი დაასკანირებს
Sputnik

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. საქართველოს ცესკო 19 მაისის არჩევნებზე ტყიბულისა და წყალტუბოს რვა საარჩევნო უბანზე ხმების ელექტრონული დათვლის მეთოდის გამოყენებას აპირებს, განაცხადა ბრიფინგზე კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

ვინ იბრძოლებს ზურაბიშვილის სადეპუტატო სავარძლისთვის პარლამენტში >>

ათი დღის შემდეგ საქართველოში შუალედური საპარლამენტო და საკრებულოს არჩევნები ჩატარდება საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ოზურგეთში, ჭიათურაში, ტყიბულსა და ზესტაფონში. ამასთან ერთად მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.

ჭორები თუ გაჟონვა? საქართველოში კვლავ რიგგარეშე არჩევნებზე ალაპარაკდნენ

ხმების ელექტრონული დათვლის მეთოდი საქართველოში პირველად 2018 წლის შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნებზე, ცაიშის სამ საარჩევნო უბანზე გამოიყენეს.

მიქელაძის განმარტებით, ამომრჩევლები ბიულეტენებს განათავსებენ ელექტრონული დათვლის აპარატში, რომელიც საარჩევნო ყუთზე იქნება განთავსებული. აპარატი დაასკანირებს ბიულეტენს და შედეგებს ავტომატურად დათვლის.

„საარჩევნო ადმინისტრაცია 19 მაისს გასამართ საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე პროექტს მოდიფიცირებული სახით განახორციელებს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება წინა, 2018 წლის გამოცდილება და პრაქტიკაში გამოვლენილი საკითხები. ხმის ელექტრონული დათვლა კვლევის და უშუალოდ პროცესის შეფასების მიზნით ხორციელდება“, – განაცხადა მიქელაძემ.

პროექტი მიზნად ისახავს თანამედროვე ტექნოლოგიების საარჩევნო პროცესში ინტეგრირების შესაძლებლობის განხილვას.

ხმების ელექტრონული დათვლის პროექტი კანადური არასამთავრობო ორგანიზაცია DELIAN-ის მხარდაჭერით ხორციელდება.