დენი გვინდა ჰესი არა?! ელექტროენერგიის გამომუშავება მოხმარებას ვერ ეწევა

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება გაცილებით სწრაფად იზრდება, ვიდრე დენის ადგილობრივი გამომუშავება. ამიტომ სულ უფრო მეტად იზრდება ასევე ექსპორტის წილი მთლიან მოხმარებაში. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ენერგეტიკული სტაბილურობა ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ტენდენცია სახარბიელოდ სულაც არ გამოიყურება.
Sputnik

თემურ იოსელიანი

ელექტროენერგეტიკის ბაზრის კომერციული ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, წელს, იანვარ-აპრილის პერიოდში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა დაახლოებით 612 მლნ კვტ/სთ შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის მოცულობა 504 მლნ კვტ/სთ-ის ტოლი იყო. შესაბამისად, იმპორტის ზრდამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში 21%-ს გადააჭარბა.

ესკოს მონაცემებითვე, იმპორტმა წლევანდელ მხოლოდ აპრილში 80 მლნ კვტ/სთ შეადგინა, როცა შარშან ამ პერიოდში იმპორტის მოცულობა 11 მლნ კვტ/სთ იყო. ასე რომ, თუ მხოლოდ აპრილს ავიღებთ, იმპორტი გაზრდილია 727%-ით.

პროგნოზით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2030 წელს წელიწადში 23 მილიარდ კილოვატ/საათამდე გაიზრდება. ამ სიტუაციაში ქვეყანას ორი არჩევანი აქვს - გაზრდილ მოხმარებას ან გამომუშავების ზრდით უნდა უპასუხოს, ან იმპორტი გაზარდოს. სხვა შემთხვევაში ქვეყანა გათიშვებს ვერ ასცდება.

ვის შეუძლია დაგროვებითი პენსიის სქემიდან გასვლა

„იმპორტის ზრდას არც ერთი ქვეყანა არ მიესალმება, ვინც საკუთარ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე და დამოუკიდებლობაზე ზრუნავს“, - ამბობს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი. მისი თქმით, აუცილებელია ქვეყანამ მაქსიმალურად აითვისოს როგორც ჰიდრო, ასევე ქარის და მზის ენერგიის რესურსები, რადგან თბოელექტროსადგურების გამომუშავება რომც გაიზარდოს, ის მაინც იმპორტირებული გაზით მარაგდება და ქვეყნისთვის დიდი სხვაობა არ იქნება - იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულება გაიზრდება თუ იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე.

ზოგადად, ელექტრომომარაგებაში რომ პრობლემები მატულობს, დედაქალაქში თუ რეგიონებში გახშირებული გათიშვებიც ადასტურებს. მართალია, ასეთი გამორთვები ხშირად „გეგმიური სამუშაოების“ სახელით ხდება, თუმცა დაუგეგმავმა ავარიებმაც გაგვახსენა თავი. ბოლო მასშტაბური ავარია რამდენიმე დღის წინ, 2 მაისს მოხდა, როდესაც მაღალი ძაბვის 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“ გაითიშა. ჩაბნელდა ნახევარი საქართველო, ბევრგან წყალმომარაგებაც შეწყდა და მეტროს მუშაობაც შეფერხდა. რაც გახმაურდა, ერთ-ერთი ისიც იყო, რომ ქუთაისში ატრაქციონ „ეშმაკის ბორბალზე“ ჩარჩენილი ბავშვების ჩამოყვანა მაშველებს მოუწიათ...

როგორ გავიაროთ სავალდებულო ტექდათვალიერება: ერთი ავტომობილის მაგალითი

ისევ ენერგობალანსს რომ მივუბრუნდეთ, სადაც კარგად ჩანს ადგილობრივი გამომუშავების და მოხმარების შეფარდება: გასულ 2018 წელს საქართველოში გამომუშავებულია სულ 12148,6 მლნ კვტ/სთ, როცა ქსელში მიწოდებამ 13455,9 მლნ კვტ/სთ შეადგინა. ასე რომ, მთლიან მიწოდებულ ენერგიაში 9.72% იმპორტმა შეადგინა. შეიძლება თითქმის 10%-ს მიღწეული იმპორტის მაჩვენებელი ერთი შეხედვით ტრაგიკულად არ გამოიყურება, მაგრამ თუ ტენდენციას შევხედავთ, ნამდვილად არ არის სახარბიელო სურათი. თანაც ადგილობრივ გამომუშავებაში თბოსადგურების წილი 2114.9 მლნ კილოვატ/საათია, რაც მთელი გამომუშავების 17,40%-ს შეადგენს. შესაბამისად, თბოსადგურები ასევე იმპორტირებულ საწვავზეა დამოკიდებული. რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურებს, 2018 წლის მანძილზე მათ მიერ გამომუშავებული ენერგია ჯამში 9949.3 მლნ კვტ/სთ-ია და მთლიანი გამომუშავების 81,89%-ს შეადგენს.

იმპორტის მხრივ გასულ წელს საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანი იყო. აღსანიშნავია, რომ მთელი ბოლო წლების განმავლობაში, 2016 წლის ჩათვლით, მთავარ იმპორტიორს რუსეთი წარმოადგენდა. ბოლო ორი წელია, ელექტროენერგიის უმსხვილესი იმპორტიორი აზერბაიჯანი გახდა.

საბჭოთა პერიოდში საქართველო მუდმივად იყო დენის იმპორტიორი, მაგრამ 1990-იან წლებში ქვეყანა „ქრონიკული ჩაბნელების“ პერიოდში აღმოჩნდა, საიდანაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ძლივს გამოვიდა. უკვე 2007 წელს საქართველოდან დენის ექსპორტმა იმპორტს გადააჭარბა. 2012 წელს კი სიტუაცია ისევ იმპორტის სასარგებლოდ შეიცვალა.

ვის ჩაუდგება მთავრობა კრედიტის თავდებად

ესკოს მონაცემებით, ბოლო წლებში გამომუშავება–მოხმარების თანაფარდობის თვალსაზრისითაც არასახარბიელო ტენდენციაა. მოხმარების ზრდა აჭარბებს გამომუშავებას და ეს სიტუაცია ნელ-ნელა საგანგაშო ხდება.

 

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით, გენერაცია ვერ ეწევა მოხმარებას და გაზრდილი მოხმარების შესავსებად იზრდება ელექტროენერგიის იმპორტი.

მისი თქმით, ელექტროენერგიის მოხმარება ბოლო წლებში საშუალოდ 5%-ით გაიზარდა. 2018 წელს კი ზრდამ 2017 წელთან შედარებით თითქმის 8% შეადგინა. 

„ეს ნიშნავს იმას, რომ გაზრდილ მოხმარებას რაღაცით უნდა უპასუხო. გენერაციის მხარეს თუ შევხედავთ, 7 გენერაციის ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში. ჯამური სიმძლავრე არის 65 მეგავატი და ზოგადად გენერაციაში ზრდა გვაქვს 2%-მდე. 

ჩვენ, ქვეყანა ვხდებით იმპორტდამოკიდებული, და ეს იმპორტდამოკიდებულება იზრდება წლიდან წლამდე, რადგან ადგილობრივი გენერაცია ვერ ეწევა მოხმარებას და იზრდება იმპორტი“, – აცხადებს ირინა მილორავა. 

მისი თქმით, 2016 წელთან შედარებით იმპორტი სამჯერ გაიზარდა, რაც სერიოზული სიგნალია, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. მილორავა ყურადღებას ამახვილებს ცალკეულ თვეებში არსებულ იმპორტის ძალიან მაღალ მაჩვენებელზე.

„ჭარბვალიანობასთან“ ბრძოლის საპირისპირო შედეგი

„30%-ს აღწევს კონკრეტულ თვეებში იმპორტის წილი. ანუ 30%-ით ვართ დამოკიდებული მეზობელი ქვეყნის ენერგეტიკულ მატარებლებზე. აქ თუ ჩავრთავთ თბოელექტროსადგურების კომპონენტსაც, რომლებიც ასევე იმპორტირებულ გაზზე მუშაობენ, წარმოიდგინეთ რამხელაა ჩვენი ენერგოდამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე“, – აცხადებს ირინა მილორავა „საქმიანი დილის“ ეთერში. 

შექმნილ სიტუაციაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ერთადერთ გამოსავლად გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობა მიაჩნია. მისი თქმით, ეკონომიკის განვითარებას დამატებითი ელექტროენერგია სჭირდება. არცთუ ოპტიმისტურად არის განწყობილი ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში ვეღარც მსხვილი ჰესები შენდება და მცირე ჰესების მშენებლობასაც მოწინააღმდეგეები ჰყავს. ამიტომ ყველაფერია გასაკეთებელი, რათა ქარის და მზის ენერგიის მაქსიმალური ათვისება მოხდეს. თუმცა, მისივე თქმით, ამ მხრივაც პროგრესი არ ჩანს.