დააკავებენ თუ არა მაჩალიკაშვილს: საზოგადოების რეაქცია სუს-ის განცხადებასთან დაკავშირებით

სუს-მა საქართველოში ტერაქტის მომზადების შესახებ საქმის დეტალები გაახმაურა, თუმცა პანკისის ხეობის მკვიდრ მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის ბრალი არ წაუყენებია.
Sputnik

მთავარი კითხვა, რომელიც პოლიტიკოსებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ტერაქტის აღკვეთისა და პანკისის ხეობის მცხოვრები მალხაზ მაჩალიკაშვილის მისამართით ეჭვების შესახებ განცხადება გაავრცელა, არის - რამდენად სარწმუნოა საქმის მთავარი სამხილი – საუბრის აუდიოჩანაწერი.

მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერაქტის ორგანიზებაში ედება ბრალი: სუს-ის განცხადება>>>

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2018 წლის 31 მაისს მაჩალიკაშვილმა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ მან რამდენიმე ასეულ ადამიანთან ერთად დაიფიცა, თავი აეფეთქებინა სუს-ის შენობაში, თუმცა გადაიფიქრა ქართველების სიყვარულის გამო.

მაჩალიკაშვილი უკვე წელიწადზე მეტია, რაც საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავს და მისი შვილის – 2017 წლის დეკემბერში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილში დამნაშავეთა დასჯას ითხოვს. მომხდარის გარემოებათა გამოძიება დღემდე გრძელდება. თემირლანი იყო ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ცნობილი ტერორიტის ახმედ ჩატაევის ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში.

დააკავებენ თუ არა მაჩალიკაშვილს: საზოგადოების რეაქცია სუს-ის განცხადებასთან დაკავშირებით

რაც შეეხება ახალ გამოძიებას, სუს-ი ამტკიცებს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილის მკვლელობას გეგმავდა. გამოძიების მონაცემებით, 2019 წლის 23 მარტს მალხაზ მაჩალიკაშვილმა თავის ძმისშვილ მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილს დაავალა გოგაშვილზე ინფორმაციის შეგროვება და იმის გარკვევა, სოფელ ზემო მაჩხაანში კონკრეტულად სად მდებარეობდა გოგაშვილის მამის საფლავი, რათა სწორედ იქ განეხორციელებინა ტერაქტი.

მტკიცებულების სახით საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ქართული სუბტიტრებით გამოაქვეყნა ჩეჩნურ ენაზე ორი მამაკაცის საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელშიც ერთი ხმა ჰგავს მაჩალიკაშვილის ხმას. გამოძიების მონაცემებით, ეს არის საუბარი მალხაზ და მორის მაჩალიკაშვილებს შორის. სუბტიტრების თანახმად, მამაკაცი მაჩალიკაშვილის ხმით ამბობს, რომ სურს გოგაშვილის განადგურება.

„ძალით წამიყვანონ“ - მაჩალიკაშვილმა სუს-ში მისვლაზე უარი განაცხადა

„ტერორიზმი ყველა ცივილიზებული საზოგადოების გამოწვევას წარმოადგენს. შესაბამისად, მსგავსი სახის ქმედებები ყველამ ერთად უნდა დავგმოთ და ასეთი ტიპის დანაშაულების წინააღმდეგ საზოგადოება უნდა გაერთიანდეს. მთავარია, რომ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. სახელმწიფო ორგანოებმა ძალიან კარგად იმუშავეს და თავიდან აირიდეს უმძიმესი დანაშაულის განხორციელება“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ანრი ოხანაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

დეპუტატს არ დაუზუსტებია, იგეგმება თუ არა მაჩალიკაშვილის დაკავება, რომლისთვისაც ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.

ცნობილია მხოლოდ, რომ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: „ტერორისტული აქტის მომზადება“ და „ცეცხლსასროლი და/ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა“. ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულია 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.

„ეს არის კონკრეტული ორგანოს პრეროგატივა – როგორ იმოქმედებს შესაბამისი საგამოძიებო ქმედებების განხორციელების შედეგად. ყველამ ვნახეთ ჩანაწერი, სადაც საუბარია კონკრეტულ საკითხებზე. ჩანაწერი იურიდიულად გადამოწმებას ექვემდებარება და ავთენტურობის საკითხი დადგება, რაც საქმეს დაედება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ამ საკითხში ხელისუფლების წარმომადგენელს ეთანხმება ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გიგა ბოკერია.

„მთლიანობაში ფონი ძალიან მძიმეა, ამიტომ ასე ვიტყოდი: თუ ჩანაწერი ავთენტურია, ეს ძალიან მძიმე სურათია და ხელისუფლებამ კონკრეტული ზომები უნდა მიიღოს“, – აღნიშნა ბოკერიამ.

ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ კი განაცხადა, რომ მაჩალიკაშვილის მისამართით გამოთქმული ეჭვები მისი შვილის მკვლელობის თემას ვერ გადაფარავს.

პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა სასამართლო წააგო

„ნებისმიერი სახის ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამ აუდიოჩანაწერების გამოქვეყნება ვერ გადაწონის იმას, რომ პროკურატურა არ იძიებს თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეს“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

კიდევ ერთი საპარლამენტო პარტიის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატ ირმა ინაშვილს ეჭვი არ ეპარება სუს-ის თანამშრომელთა პროფესიონალიზმში.

„თუ დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერების ავთენტურობა დადასტურდება – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი არ გაავრცელებდა განცხადებას, ეს რომ კითხვის ნიშნის ქვეშ ყოფილიყო, – მაშინ ჩვენ საქმე გვაქვს მძიმე დანაშაულთან. ეს არ იყო მოულოდნელი, რადგან საუბარი იყო ბევრ ფაქტზე, რომლებიც ნათელს ჰფენდა და ადასტურებდა საქართველოში ტერორისტული ჯგუფების საქმიანობას. ვფიქრობ, მაჩალიკაშვილი უნდა დააკავონ და მან მშვიდობიანად უნდა აიღოს პარლამენტთან გაშლილი კარავი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მეორე მხარე

თავად მალხაზ მაჩალიკაშვილმა აუდიოჩანაწერს ფაბრიკაცია უწოდა.

„წარმოდგენა არ მაქვს, სად არის დამარხული გოგაშვილის მამა და ვინაა ის. ეს ერთი! მეორეც – მთელი ის პერიოდი, რაც აქ ვდგავარ, ვცდილობ კანონის ფარგლებში დავსაჯო ისინი, ვინც დამნაშავეა თემირლანის წინაშე, ვინც მონაწილეობდა თემირლანის მკვლელობაში. რაში მჭირდება მაჩხაანი? ამის სურვილი რომ მქონოდა კიდეც, ეს რომ მინდოდეს, გოგაშვილი თბილისში ცხოვრობს. ჩვენ შორის ასეთი ლაპარაკი არ ყოფილა. ეს რაღაც ფაბრიკაციაა, მონტაჟია. ჩემი დაკავების საფუძველი არ არსებობს“, – განუცხადა მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს.

სასამართლომ ტერორისტ ჩატაევის კიდევ ორ თანამზრახველს განაჩენი გამოუტანა>>>

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების შემდეგ მალევე, სამშაბათს მაჩალიკაშვილმა დატოვა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და განაცხადა, რომ მიდის, რათა ილოცოს. იგი რუსთაველის გამზირზე გვიან დაბრუნდა, მაგრამ უკვე ადვოკატთან ერთად. სუს-ში ის არ მივიდა, მიუხედავად იმისა, რომ დაბარებული იყო. ერთი დღით ადრე მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ იქ მხოლოდ ძალით თუ მიიყვანენ.

სუს-ი: ჩატაევი საქართველოსა და თურქეთში საელჩოების წინააღმდეგ ტერაქტებს გეგმავდა

„მალხაზ მაჩალიკაშვილი შეიძლება შეუძლოდ გახდეს. მარხვიდან და რელიგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ის მედიკამენტსაც ვერ მიიღებს. ჩვენ სუს-ში შეთანხმება დავტოვეთ, რომ თუ გადაუდებელი და აუცილებელი იქნება მალხაზ მაჩალიკაშვილის მისვლა საგამოძიებო უწყებაში, რაღაც ფორმით, თუნდაც ერთი საათით, ეს შეიძლება მოხდეს“, – განაცხადა  ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.

მაჩალიკაშვილი ქისტია და აღმსარებლობით მუსლიმი. ქისტები წარმოშობით ჩეჩნეთიდან არიან. საქართველოში ისინი რამდენიმე საუკუნის წინ გადმოსახლდნენ და კომპაქტურად ცხოვრობენ პანკისის ხეობაში, რუსეთის საზღვართან.

სამშაბათს სუს-ში უკვე იმყოფებოდა მორის მაჩალიკაშვილი. დაკითხვის შემდეგ იგი გაუშვეს.

„საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე მიმდინარეობს მიღებული მტკიცებულებების შეფასება“, – აღნიშნა საქმის პროკურორმა მაია სილაგაძემ.