სტიქია კახეთში: რა კეთდება შედეგების სალიკვიდაციოდ

რამდენიმე მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა
Sputnik

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. შპს „საქართველოს მელიორაცია“ მეორე დღეა კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგების  სალიკვიდაციო სამუშაოებშია ჩართული, იუწყება კომპანია სოციალურ ქსელში.

კახეთს სტიქიამ კიდევ ერთხელ გადაუარა: დატბორილია ლაგოდეხისა და ახმეტის სოფლები

თელავის, საგარეჯოს, ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა მიმდებარე ტერიტორიები ორი დღის წინ დატბორა.

კომპანიის ცნობით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში უხვი ნალექისგან დაგროვილი შლამისგან გაიწმინდა ანთოკისხევი, ლაგოდეხში მოწესრიგდა სოფელ მაწიმის და ჭიაურის სავარგულები; სტიქიით გამოწვეული სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურსა და ფშაველში; ასევე, ყვარელში წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე დურუჯის მიმდებარე ტერიტორია გაიწმინდა და მოწესრიგდა.

კომპანიის ცნობით, ამ დროისთვის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, დაშრობითი სამუშაოები მხოლოდ რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს.