საქართველოს გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა

შსს საგზაო მოძრაობის წესების დაცვაზე კონტროლის გაძლიერებას გეგმავს
Sputnik

თბილისი, 6 მაისი - Sputnik. საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად პირველ კვარტალში 116 ადამიანი დაიღუპა, რაც 8,4%-ით აღემატება 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელს. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის - „საქსტატის“ მასალებშია საუბარი.

2019 წლის პირველ სამ თვეში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 1,8 ათასი ადამიანი დაშავდა. 2019 წლის პირველ კვარტალში 1,3 ათასი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 50 არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის მიზეზით.

ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობების შედარება 2018-2019 წლების პირველ კვარტალში

 2019 წლის 1 კვარტალი2018 წლის 1 კვარტალიცვლილება - %
ავარიების საერთო რაოდენობა1 3021 428-8,8
ავარიებში დაშავებულთა რაოდენობა1 7791 986-10,4
ავარიებში დაღუპულთა რაოდენობა1161078,4

   

შსს ზომებს იღებს

ავარიების შედეგად სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო საქართველოს შს სამინისტრომ გზებზე კონტროლის გამკაცრება გადაწყვიტა.

ამ მიზნით 2019 წლის ბოლომდე გზებზე 5 ათასამდე ვიდეოკამერა დამონტაჟდება, რომელთაგან 2,1 ათასი ე.წ. ჭკვიანი კამერა იქნება. რადარები გზებზე დაახლოებით 700 კილომეტრს დაფარავს.

მძღოლების საყურადღებოდ! მოძრაობის წესების დარღვევებზე ჯარიმები იზრდება

წლის ბოლომდე გაიზრდება ასევე ფარული პატრულირების ეკიპაჟების რაოდენობა, რომლებიც ძირითადად საქართველოს ქალაქებში იმოძრავებენ და დამრღვევებს გამოავლენენ.

საქართველოს შსს გეგმავს საავტომობილო ნომრების ამოცნობის ინოვაციური მობილური სისტემის დანერგვას, რომელიც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს შესაძლებლობას მისცემს, ადგილზევე გამოავლინონ სხვადასხვა კატეგორიის რისკის მძღოლები და შეამოწმონ ისინი.

გარდა ამისა, აპრილის შუა რიცხვებიდან საქართველოს შსს-მ დაიწყო სოციალური კამპანიის განხორციელება სახელწოდებით „მეტი სიცოცხლისთვის“. ამ კამპანიის ფარგლებში თბილისის სხვადასხვა ქუჩაში გაჩნდა „ამობრუნებული მანქანების“ ინსტალაციები. დამტვრეული მანქანების გარდა, გამოჩნდა ბანერები და ვიდეორგოლები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე.

თბილისში ამობრუნებული ავტომობილების ინსტალაციები გამოჩნდა >>

შსს-მ ხაზი გაუსვა ასევე იმ ფაქტს, რომ ცოტა ხნის წინ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა სისხლის სამართლის დასჯადი დანაშაული გახდა.