რას სთხოვს კინემატოგრაფის ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე მოწინააღმდეგეებს

კონკურსი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე აპრილში გამოცხადდა.
Sputnik

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე გახდა.

კონკურსი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2019 წლის აპრილში გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ბოლო დირექტორმა ზურაბ მაღალაშვილმა პოსტის დატოვება გადაწყვიტა 2019 წლის იანვარში. კანდიდატურის შესარჩევად შეიქმნა მინისტრის საკონსულტაციო საბჭო, რომელშიც კინოაკადემიის წევრები და ცნობილი კინემატოგრაფისტები შევიდნენ – სულ 14 პირი. საბოლოო გადაწყვეტილება კულტურის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მიიღო.

რომელ ფილმებს დააფინანსებს ქართული კინოცენტრი 2019-2020 წლებში

„მეგობრებო, წუხელ ოფიციალურად გადმომცეს ქართული კინოს მართვის სადავეები, სხვა სიტყვებით კი – დამნიშნეს ეროვნული კინოცენტრის დირექტორად. გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას ვუხდი ყველა ჩემს მხარდამჭერს. მოწინააღმდეგეებს კი ვთხოვ, არც ერთი წუთით არ მომცენ მოდუნების საშუალება", – წერს ჩხეიძე საკუთარ Facebook-გვერდზე.

კინოცენტრის ახალმა უფროსმა უკვე გააკეთა სერიოზული განცხადებები და გაბედული დაპირებები გასცა.

„ჩემი მხრიდან გპირდებით ქართული კინოს წინსვლას და აღმავლობას, ახალი შემოქმედებითი და კომერციული სიმაღლეების დაპყრობას, მუდმივ ინტენსიურ ურთიერთობას კინემატოგრაფისტებთან, ძველის დაფასებას და ახლის აღმოჩენას. ვფიქრობ, რომ წინ ძალიან საინტერესო სამი წელი გველის", – აღნიშნავს გაგა ჩხეიძე.

კონკურსის მონაწილეებს კომისიისთვის კინოცენტრისა და კინოინდუსტრიის განვითარების სამწლიანი გეგმა და საკუთარი ხედვა უნდა წარმოედგინათ.

61 წლის გაგა ჩხეიძე თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორია. 2005-2008 წლებში ეკავა კინოცენტრის დირექტორის თანამდებობა.

ჩხეიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლური ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. 1980 წელს გერმანიაში ფრიდრიხ შილერის იენის უნივერსიტეტის ლიტერატურისა და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა.