ძალადობა მეუღლეზე – ინციდენტის შემდეგ ქალმა თვითმკვლელობა სცადა

დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზეც ბრალდებულს მასთან მიახლოება აეკრძალა.
Sputnik

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გენდერული ნიშნით ოჯახში ძალადობის ნიადაგზე თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანასა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით ხობის მუნიციპალიტეტში ერთი მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემზარავი ტრაგედია: ყანდაურაში მკვლელობისთვის დაკავებულ 85 წლის მამაკაცს ბრალი წარედგინა

39 წლის ბრალდებული თავის მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა, რის გამოც ქალმა მიმდინარე წლის 30 აპრილს თვითმკვლელობა სცადა. იგი ამ დროისთვის სტაციონარში განაგრძობს მკურნალობას.

საქმის გამოძიების ფარგლებში დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

ინციდენტის შემდეგ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზეც ბრალდებულს დაზარალებულთან მიახლოება აეკრძალა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 11-პრიმა–115-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს გენდერული ნიშნით ოჯახში ძალადობის ნიადაგზე თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანასა და ოჯახში ძალადობას.