პრემიერი: აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის თემაზე მოლაპარაკება რთული იქნება

აზერბაიჯანთან მოლაპარაკება დავით-გარეჯის თემაზე  წარმატებით დასრულდება, დარწმუნებული მამუკა ბახტაძე
Sputnik

თბილისი, 5 მაისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის დღემდე შეუთანხმებელი მონაკვეთების დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესი რთული იქნება.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა რამდენიმე დღით უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. მონასტერი დავით-გარეჯის უძველესი სამონასტრო კომპლექსის ნაწილია და საზღვრის სადავო მონაკვეთის გასწვრივ მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე გამართული მოლაპარაკებების შედეგად გზა გაიხსნა, მაგრამ, მედიის ინფორმაციით, ამჟამად მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა უფრო გაიზარდა.

„ჩვენ შევქმნით კომისიას, რომელშიც შევა ყველა უწყების წარმომადგენელი და დავიწყებით დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესს. ეს პროცესი არის საკმაოდ რთული, დროში ტევადი და მანამდე სანამ იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები  მიღებული, გადაადგილების ჩვეულებრივი პრაქტიკა გაგრძელდება“, - განაცხადა ბახტაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

პრემიერის თქმით, აზერბაიჯანული მხრიდან მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმად საქართველოს და აზერბაიჯანი კომისიას შექმნიან. საქართველოს შემთხვევაში, ეს იქნება განახლებული კომისია, რომელიც მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება, აღნიშნა ბახტაძემ.

რა ელის დავით–გარეჯს: აზერბაიჯანი მზადაა, საქართველოსთან საზღვრის საკითხი გადაწყვიტოს

„მე ძალიან კარგად მესმის, რომ ქართველისთვის ეს არის ძალიან ემოციური საკითხი. მინდა ვთხოვო ყველას, რომ თავი შევიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. ჩვენ და აზერბაიჯანი ვართ მეგობრები და პარტნიორები და გადავწყვეტთ საკითხს ისე, რომ სიტუაცია დარეგულირდეს“, - აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ორმხრივი საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისია 1996 წელს შეიქმნა.

საქართველოს საპატრიარქო: არ გავამწვავოთ ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები >>

დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევარუდაბნოში მდებარეობს.

საქართველო-აზერბაიჯანის სადავო საზღვრის საკითხზე ახალი კომისია იმუშავებს

დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII—XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახულია ისტორიული პიროვნებები, მათ შორის თამარ მეფე.

დავით-გარეჯის კომპლექსის ნაწილი, მათ შორის უდაბნოს მონასტერი, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს, მთის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე მდებარეობს. დავით-გარეჯის კომპლექსის ტერიტორიას აზერბაიჯანელი ისტორიკოსები კეშიკჩიდაღს უწოდებენ და ის „აზერბაიჯანის ქვის ხსოვნად“ მიაჩნიათ. მათი მტკიცებით, კომპლექსი კავკასიური ალბანეთის ისტორიას განეკუთვნება.