აღდგომის მომდევნო კვირას მართლმადიდებლური ეკლესია კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც სხვაგვარად თომას კვირად იწოდება, რადგანაც ამ დღეს ქრისტიანები იხსენებენ თომას რწმენაში მოსვლის სასწაულს.
იოანეს სახარების თანახმად, მაცხოვრის ჯვარზე გაკვრით, მისი დაკარგვით შეძრწუნებული მოციქული თომას გონება უიმედო ფიქრებით იყო დამძიმებული. ბრწყინვალე აღდგომის დღეს, საღამო ხანს, იესო ქრისტე გამოეცხადა თავის მოწაფეებს, თუმცა მათ შორის არ იმყოფებოდა თომა მოციქული. როდესაც იგი მოციქულებთან დაბრუნდა, ახარეს, რომ იხილეს მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე. ქრისტეს მოწაფეებს თომა ასე პასუხობდა: „თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი - ხელს, არ ვირწმუნებ“ (იოანე, 20:25).
აღდგომიდან მერვე დღეს უფალი ეჩვენა თომას. არ დაუცადა მის კითხვას და თავად უჩვენა ნაჭრილობევი, რითაც უპასუხა მის ეჭვებს და სიტყვით გამოუთქმელ კითხვას. ამის შემდეგ თომამ წამოიძახა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ (იოანე, 20:28). აღდგომის მომდევნო კვირას აღდგომის განახლებას სწორედ იმის გამო ვუწოდებთ, რომ მკვდრეთით აღდგომიდან მერვე დღეს კვლავ გამოეცხადა მაცხოვარი თავის მოციქულებს და განაახლა აღდგომის სიხარული.
ამ დროს თომა მოციქული იმდენად აღივსო რწმენის სიმტკიცით, იმდენად შეურყეველი გახდა მისი სულიერი სამყარო, რომ გახდა ღირსი თავისი სამოციქულო მოღვაწეობა მოწამეობრივად დაესრულებინა. აღდგომის დღესასწაულიდან ერთი კვირის თავზე, ჩვენ ვზეიმობთ მცირედმორწმუნეობაზე გამარჯვებას, რისი მაგალითიცაა თავად თომა მოციქულის ცხოვრება.
თომას კვირიდან, დიდმარხვის ხანგრძლივი შესვენების შემდეგ იწყება მართლმადიდებლურ ეკლესიებში ჯვრისწერის საიდუმლოს შესრულება, რაც მარხვის დაწყების დღიდან შეჩერებული იყო. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება სადღესასწაულო წირვა.
კვირაცხოვლის დღეს ეკლესიებში მორწმუნეებს ურიგდებათ არტოსი. აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ დგას მაგიდა, სადაც დევს პურით. ეს პური საგანგებოდაა გამომცხვარი და ეწოდება არტოსი („არტოს“ - ბერძნ. „პური“). სადღესასწაულო დღეებში არტოსი განსაკუთრებული მადლით იმოსება და დიდ სიწმინდეს წარმოადგენს. კვირაცხოვლობას არტოსი მცირე ნაწილებად იჭრება და მორწმუნეებს ურიგდება. არტოსს მორწმუნეები კიდევ უფრო ანაწევრებენ და მთელ წელიწადს ინახავენ წმინდა ადგილას; ავადმყოფობის ან სხვა განსაცდელის ჟამს არტოსი მიიღება, როგორც სულიერი წამალი – საკურნებლად სულისა და ხორცისა.
ეკლესიაში დამკვიდრებული უძველესი ტრადიციის თანახმად, თომას კვირიაკეს სამშაბათს, აღდგომის შემდეგ, პირველად ხდება სასაფლაოებზე გასვლა, რათა ჭირისუფლებმა ამ დღეს ახარონ თავიანთ მიცვალებულებს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა.
სწორედ კვირაცხოვლობის დღეს მთავრდება ბრწყინვალე შვიდეული, რომელიც აღდგომის დღესასწაულის შემდეგ ერთი კვირის მანძილზე გრძელდება და მისი თითოეული დღე განსაკუთრებული მადლითაა აღსავსე.