რამხელა ჯარიმები დაწესდა საქართველოში სექსუალური შევიწროებისთვის

სექსუალური შევიწროებისთვის ჯარიმა საქართველოში 300 ლარიდან დაიწყება
Sputnik

თბილისი, 3 მაისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ცვლილებები ითვალისწინებს სასჯელს სექსუალური შევიწროებისთვის.

8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა >>

შესწორებების თანახმად, სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ღირსების შელახვას და ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

იზრდება თუ არა დანაშაული საქართველოში - პრემიერის სიტყვა პარლამენტში

შესწორებების ამოქმედების შემდეგ სექსუალური შევიწროება დაჯარიმდება 300 ლარით, განმეორებით დარღვევის შემთხვევაში - 500 ლარით ან გამოსასწორებელი სამუშაოებით ერთ თვემდე ვადით.

არასრულწლოვანი პირის, ფეხმძიმე ქალის, უძლური ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ სექსუალური შევიწროებისთვის გათვალისწინებულია 500-დან 800 ლარამდე ჯარიმა. იგივე სასჯელი დაემუქრება იმას, ვინც ეჭვმიტანილი იქნება ადამიანის სექსუალურ შევიწროებაში არასრულწლოვანის თვალწინ.

მსგავსი ქცევის განმეორების შემთხვევაში, კანონდარღვევა დაისჯება 800-დან ათას ლარამდე ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოებით 1 თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციული პატიმრობით 10 დღის ვადით.