თბილისის მერი ვერეს ხეობაში ცხაურების გაწმენდის პროცესს გაეცნო

ნატანდამჭერი ცხაურები პერიოდულად ნაშალი მასალით ივსება და გაწმენდას საჭიროებს.
Sputnik

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე ვერეს ხეობაში არსებული ნატანდამჭერი ცხაურების გაწმენდის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო, იუწყება დედაქალაქის მერია.

კახა კალაძის განცხადებით, 13 ივნისის სტიქიის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც ვერეს ხეობას მონიტორინგს უწევდნენ, დაავალდებულეს მერია, რომ მოეწყოთ ე.წ. ნატანდამჭერი ცხაურები.

„ეს პროექტი განხორციელდა. ამის შემდეგ ჩვენ მუდმივად ვახდენთ დაკვირვებას და როდესაც ცხაურები ივსება ჩამოტანილი მასალით, ისინი იწმინდება. თქვენც ხედავთ, რა რაოდენობის ხე და ტალახია ჩამოტანილი. აუცილებელია, ეს გაიწმინდოს. განსაკუთრებით, გაზაფხულის ბოლოს - ზაფხულის დასაწყისში უხვი ნალექი მოდის და ყოველმხრივ მომზადებულები უნდა ვიყოთ, რომ რაიმე პრობლემა არ შეიქმნას ამ მიმართულებით. ამ სამუშაოებს ეტაპობრივად ვაწარმოებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვერეს კალაპოტის ფორმირებაზე 10 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება

ვერეს ხეობის კალაპოტში დამონტაჟებული ცხაურების გაწმენდის სამუშაოები წელს, შარშანდელთან შედარებით, ადრე დაიწყო და წლის განმავლობაში საჭიროებისამებრ, გარკვეული პერიოდულობით ჩატარდება.

ვერეს ხეობაში მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს, მერთან ერთად, მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნენ.

თბილისს ძლიერი წვიმა, სეტყვასა და ქართან ერთად, 2015 წლის 13 ივნისის ღამეს დაატყდა თავს. ვერეს ხეობაში მომხდარ ტრაგედიას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 2 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სტიქიამ 200-მდე ოჯახი დააზარალა. სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ქალაქის ინფრასტრუქტურა. დედაქალაქის ზოოპარკის ტერიტორია თითქმის მთლიანად განადგურდა. მისი 600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი სტიქიამ იმსხვერპლა.

 

ახალი ამბებითბილისის მერიათბილისი დღესსაქართველო