თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის თხოვნის არანაირი საფუძველი არა აქვთ, ამიტომ მათ დეპორტაცია ელოდებათ, განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ.
ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით. ქვეყნის მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში გადაადგილება უვიზოდ 2017 წლის მარტიდან შეუძლიათ.
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია - მონაცემები ქვეყნების მიხედვით>>
„საქართველოში არ არის ომი, არ არის ისეთი სიტუაცია, რომ მისმა მოქალაქეებმა მოითხოვონ პოლიტიკური თავშესაფარი. პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ ზოგადად დევნილები ან ის ადამიანები, რომლებიც რაღაც ტიპის დევნას განიცდიან. შესაბამისად, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მოქალაქეები ერთგვარად ხდებიან იმ ადამიანების მანიპულირების მსხვერპლი, რომლებიც, შესაძლოა, მათ ჰპირდებიან რაღაცას, ან არ არიან ინფორმირებული, რომ მათ პოლიტიკური თავშესაფრის მოძიება გაუჭირდებათ საფრანგეთში", – განაცხადა მენიემ, იუწყება პირველი არხი.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა შორის პირველი ადგილი უკავიათ.
როგორც ელჩმა ამასთან ერთად აღნიშნა, საფრანგეთი დაინტერესებულია, რომ საქართველომ უვიზო რეჟიმი შეინარჩუნოს.
„საფრანგეთმა თავის დროზე მხარი დაუჭირა ვიზალიბერალიზაციას და ჩვენი მიზანი იყო, საქართველოს რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს ჰქონოდა შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად გადაადგილებულიყო ევროკავშირის ფარგლებში. ჩვენი პრიორიტეტია, რომ ეს შენარჩუნდეს", – განაცხადა მენიემ.
მან გააფრთხილა საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესების დარღვევისა და პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართვის შედეგების შესახებ.
„მათ, სავარაუდოდ, ქვეყნიდან დეპორტაცია ელოდებათ. ჩვენი მიზანია, რომ სიტუაცია დარეგულირდეს და ამასთან დაკავშირებით საფრანგეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან ერთად მუდმივი მუშაობის რეჟიმშია. ჩვენ სამომავლოდ ველოდებით საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტს საქართველოში", – განაცხადა მენიემ.
საქართველოს მოქალაქეები 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მთხოვნელთა ათეულში მოხვდნენ. სულ შევიდა დაახლოებით 18 ათასი განაცხადი, ანუ თავშესაფრის თხოვნის მიმართვების საერთო რაოდენობის 3%. ასეთია ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის „ევროსტატის" მონაცემები.
საქართველოს ხელისუფლებამ არალეგალური მიგრაციის აღკვეთის მიზნით გარკვეული ზომები უკვე მიიღო. უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევების მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა. ამიერიდან ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.
გარდა ამისა, პარლამენტი მუშაობს იმაზე, რომ სხვა ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების უკანონო ყოფნის ხელშეწყობა ფინანსური ან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება გახდეს.