რა დავალებები მისცა პრემიერმა ბახტაძემ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებს

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომები სამ თვეში ერთხელ, დახურულ ფორმატში გაიმართება.
Sputnik

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. პრემიერ-მინისტრთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭო კოორდინირებულად იმუშავებს უწყებებთან, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში არიან ჩართული, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი გახდა>>>

2018 წლის 16 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭო დაიშალა და შეიქმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭო.

ოთხშაბათს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. გახარიას თქმით, შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იყო.

„მივიღეთ პრემიერისგან დავალებები. მე გავაცანი საბჭოს წევრებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრუქტურა და როგორ წარმოგვიდგენია უახლოეს პერიოდში საბჭოს ამოქმედება. მოგეხსენებათ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქნება ძირითადი მაკოორდინირებელი ორგანო ყველა იმ უწყების, რომელიც ჩართულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში", – განაცხადა გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე.

მისი სიტყვებით, საბჭომ უნდა უზრუნველყოს პრემიერის სრული ინფორმირებულობა ქვეყნის უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით.

„ჩვენ მივიღეთ დავალებები, რომლებსაც შევასრულებთ", – აღნიშნა გახარიამ.

გახარიას, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის უფლებამოსილება იქნება საბჭოს საქმიანობის ორგანიზება, საბჭოს სხდომების მომზადება და პრემიერ-მინისტრის ცალკეული დავალებების შესრულება.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შემდეგი სხდომა ზუსტად ერთი თვის შემდეგ ჩატარდება.

გიორგი გახარია: „შსს-ს ვერავინ ვერასდროს ვერ შეუზღუდავს არეალებს“

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არის სათათბირო ორგანო, რომელიც სახელმწიფო უშიშროების, საგარეო და საშინაო, სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული, სამოქალაქო, საინფორმაციო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის საკითხებს იხილავს.

მთავრობის მეთაურის გარდა საბჭოს მუდმივი წევრები არიან: თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ინფორმაციის გაცნობის მიზნით უფლებამოსილების ფარგლებში საბჭოს სხდომაზე შეიძლება საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა პირთა მიწვევა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომები სამ თვეში ერთხელ, დახურულ ფორმატში გაიმართება.