იტალიური გახმაურებული ფილმი „იდეალური უცნობები" ქართულ სცენაზე გადმოინაცვლებს

ფილმ „იდეალური უცნობების" მიხედვით დადგმულ სპექტაკლში ცნობილი ქართველი მსახიობები ითამაშებენ.
Sputnik

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გაიმართება სპექტაკლ „თამაშის" პრემიერა, რომელიც პაოლო ჯენოვეზეს გახმაურებული იტალიური ფილმის „იდეალური უცნობების" სცენარის მოტივებზე დაიდგა.

კომედიური ჟანრის დადგმა ქართულ ენაზე იქნება წარმოდგენილი. სპექტაკლში მონაწილეობენ თორნიკე გოგრიჭიანი, ეკა დემეტრაძე, ბუბა გოგორიშვილი, ნანკა კალატოზიშვილი, გიგი ქარსელაძე, რუსკა ქარქაშაძე, კახა კინწურაშვილი, დავით ბეშიტაიშვილი. რეჟისორია გურანდა იაშვილი.

როცა ბროლის ქოშს მაყურებელი ირგებს, ანუ განსხვავებული კონკია ქართულ სცენაზე>>

„დღეს ყველაზე ახლობელ ადამიანსაც კი უნდა დაუმალო შენი საიდუმლო... სამაგიეროდ ეს დაგეხმარება შეინარჩუნო ურთიერთობები, ცხოვრების ჩვეული წესი... თუ გინდა უკვე დამკვიდრებული სტაბილურობა შეინარჩუნო, ღრმად შეინახე შენი ინტიმური მიმოწერა და ფოტოები... ძალდატანებით, მაგრამ მაინც იცინე შენი მეგობრების უკბილო ხუმრობებზე, რადგანაც იცი, რომ ერთ-ერთის ცოლი მალე ბანალურ ეროტიკულ შეტყობინებას შენც გამოგიგზავნის...", – ნათქვამია სპექტაკლის ანონსში.

ანონსში ასევე აღნიშნავენ, რომ მაყურებელი უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ ვისთან ერთან მივა „გამოაშკარავების სეანსზე".

„რომ დარბაზიდან გასვლის შემდეგ თქვენი დამსხვრეული მობილური მოწყობილობა თქვენივე ანარეკლად არ იქცეს..." – აღნიშნავენ დადგმის ავტორები.

„თამაშის" საპრემიერო ჩვენებები 11, 12, 15 და 16 მაისს გაიმართება. სპექტაკლის დასაწყისია 19:00 საათი.

„როცა თეატრი ცოცხალია, საქართველოც ცოცხალია" – პრეზიდენტი კულტურის როლის შესახებ

ფილმი „იდეალური უცნობები" პაოლო ჯენოვეზეს დრამატულ-კომედიური ფილმია, რომლის პრემიერა იტალიაში 2016 წლის 11 თებერვალს გაიმართა. ფილმმა მალე მოიპოვა დიდი პოპულარობა; დღესდღეობით მისი რიმეიკები გადაღებულია საბერძნეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, თურქეთში, მექსიკასა და რუსეთში.

ფილმი ნომინირებული იყო რვა კატეგორიაში იტალიის ეროვნულ კინოპრემიაზე „დავიდ დი დონატელო" და ეს ჯილდო მიიღო საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო სცენარისთვის.

ფილმის სიუჟეტის ცენტრშია შვიდი მეგობარი, რომლებიც ერთად ვახშმობას აპირებენ. სუფრასთან საღამოს დიასახლისი, ფსიქოანალიტიკოსი ევა მეგობრებს საინტერესო თამაშს სთავაზობს, რომლის წესები მარტივია: ხმამაღლა უნდა წაიკითხონ შემოსული სატელეფონო და სოციალურ ქსელებში შეტყობინებები, ხოლო სატელეფონო საუბარი ყველამ მოისმინოს. ყველა თანახმაა, მაგრამ ეს თამაში თანდათანობით მუქ ფერებში გადადის და თამაშის მონაწილეთა საიდუმლოებებს ეხდება ფარდა.