ბენზინი კვლავ ძვირდება: რატომ არის საქართველოში საწვავზე ფასები მსოფლიო რეალობას აცდენილი

რა ხდება "შავი ოქროს" მსოფლიო ბაზარზე? ნიუ-იორკისა და ლონდონის ბირჟებზე ნავთობის ფასი ეცემა... რატომ არ იაფდება საწვავი საქართველოში?
Sputnik

სამსონ ხონელი

წინამდებარე სტატია უპირატესად მას დააინტერესებს, ვისი ავტომანქანის გადაადგილებაც ბენზინის ან დიზელის საწვავზეა დამოკიდებული... აგერ უკვე ერთი თვეა, რაც მსოფლიო ბაზარზე „შავი ოქროს“ ფასი იზრდება. ნიუ-იორკისა და ლონდონის ბირჟებზე ფასმა თითქმის ხუთი დოლარით მოიმატა და, 29 აპრილის მდგომარეობით, ერთ ბარელ ნედლ ნავთობზე, შესაბამისად, 65.89 და 74.57 ამერიკული დოლარი შეადგინა.

საერთაშორისო ექსპერტები ბოლოდროინდელი ფასის მატების მთავარ მიზეზად საუდის არაბეთის მხრიდან ნავთობის ექსპორტის 277.000 ბარელით შემცირებას ასახელებენ. გარდა ამისა, შემცირდა ამერიკის შეერთებული შტატების მარაგები, ხოლო ამერიკის სანქციებმა ვენესუელასა და ირანზე ასევე შეამცირა ნავთობის მიწოდება და ჯამურად ამ ყველაფერმა ნავთობის ფასის გაზრდა გამოიწვია.

ბანკების ობობას ქსელი – რატომ იხრჩობა თავისუფალი ბიზნესი საქართველოში

რაც შეეხება საქართველოს, ბუნებრივია, მსოფლიო ბაზარზე არსებული ტენდენცია ჩვენზეც აისახა. საწვავის ფასმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში საშუალოდ 7-10 თეთრით მოიმატა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ფასის ზრდა ყველა ოპერატორ კომპანიას შეეხო. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ფასის კლება მოსალოდნელი არ არის, პირიქით, შესაძლოა, ფასი კიდევ უფრო გაიზარდოს. ამ პროგნოზს ანალიტიკოსთა უმრავლესობა იზიარებს და თანხმდება, რომ საქართველოში საწვავის დღევანდელი ფასები არ ესადაგება აქციზის განაკვეთის ზრდას და, მით უმეტეს, საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე ფასების ტრენდს. ჩნდება ბუნებრივი ეჭვები, რომ ფასები ხელოვნურად და არაადეკვატურად არის გაზრდილი.  

ვიდრე ექსპერტები ვარაუდებს გამოთქვამენ, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ საქართველოში საწვავის ბაზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს...

„საწვავის ბაზარი ისევ ერთ-ერთ ყველაზე დაბალკონკურენტულ ბაზრად რჩება, სადაც მწვავედ დგას ოლიგოპოლიის პრობლემა“, − ასეთია ერთ-ერთი დებულება. ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი აცხადებს, რომ ბაზარზე რამდენიმე ათეული ახალი კომპანია შემოვიდა, მაგრამ ისინი ჯერჯერობით ვერ ახერხებენ, რომ ქვეყნის ხუთ გიგანტ კომპანიასთან რეალურ კონკურენციაში შევიდნენ. ამ გარემოებას კი, თავის მხრივ, კარგად იყენებენ კარტელში არაერთგზის დადანაშაულებული ის კომპანიები, რომელთა საფასო პოლიტიკა და ბაზარზე არსებული მდგომარეობა მუდმივად აცდენილია საერთაშორისო ტენდენციებს, ამას გარდა, ის არ ემთხვევა ქვეყანაში მიმდინარე მაკროეკონომიკურ პროცესებს.

„არ გვჭირდება ხალხი, რომელიც კრედიტს ტელევიზორისთვის აიღებს“ – ქობულიას ფრაზა-შედევრები

პაატა ბაირახტარი: „ჩვენ გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ კომპანიები აგრძელებენ ბაზარზე შეთანხმებული ფასებით ოპერირებას, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს მოსახლეობას და ამძიმებს სოციალურ ფონს. მიმდინარე პროცესების მართვას ვერ ახერხებს კონკურენციის სააგენტოც, არადა, ის ამ მიმართულებით მთავარი მაკონტროლებელია. მეტიც, სწორედ კონკურენციის სააგენტოს ბუნდოვანმა ქმედებამ, რომელიც კომპანიებისთვის ჯარიმის თვრამეტჯერ შემცირებაში გამოიხატა, მნიშვნელოვნად წაახალისა კომპანიების საეჭვო ქმედებები და ხელი შეუწყო ბაზარზე არაკონკურენტული გარემოს გაღვივებას...“

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, საქართველოში საწვავზე ფასების მატების ახალი ტალღა გასული წლის პირველი კვარტლის შემდეგ დაიწყო, თუმცა მეტად საგულისხმოა ის, თუ რამდენად ემთხვეოდა ჩვენთან საწვავის გაძვირება ადგილობრივ ეკონომიკურ თუ გლობალურ პროცესებს. მაისში ფასების ზრდის ძირითად მიზეზად მსოფლიო ბაზრებზე ნედლი ნავთობის გაძვირება დასახელდა. იმ მომენტისთვის მართლაც ფიქსირდებოდა ნავთობზე ფასების მცირედი მატება. უფრო კონკრეტულად კი ამ პერიოდში ნედლ ნავთობზე ფასი სამი დოლარით გაიზარდა. მაგრამ კომპანიებისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ფასები საცალო ქსელში დაუყოვნებლივ დაკორექტირებულიყო და საშუალოდ 3-5 თეთრით გაზრდილიყო.

ნუ იქნება ოღონდ ბუნტი!.. რა ელის ქვეყანას მომავალ სასწავლო წელს?

მაისიდან ივნისამდე ნავთობზე ფასების მატება გაგრძელდა, რაც კიდევ რამდენჯერმე გახდა საქართველოში საწვავის გაძვირების მიზეზი. შემდეგ კი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფება დაიწყო და ივნისის მეორე ნახევარში ერთი ბარელი ნავთობის ფასი 64 დოლარამდეც კი დაეცა. საგულისხმოა, რომ ეს ცვლილება უკვე დადებითად არ ასახულა ადგილობრივ ბაზარზე, მეტიც, მსოფლიო ბაზარზე დაღმავალი ტრენდის პარალელურად ჩვენთან საწვავზე ფასები გაიზარდა კიდეც – საშუალოდ 3-5 თეთრით. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ სამთვიან მონაკვეთში სტაბილურობით ხასიათდებოდა ეროვნული ვალუტის კურსიც და ერთი დოლარის შეძენა საშუალოდ 2.44–2.45 ფარგლებში იყო შესაძლებელი. ასე რომ, ფასების ზრდის მიზეზად ვალუტის კურსის მერყეობაზე აპელირება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. აგვისტოს პირველ ნახევარში საწვავზე ფასებმა საქართველოში კიდევ მოიმატა, რასაც, ექსპერტ-ანალიტიკოსების შეფასებით, ეკონომიკური ახსნა არა აქვს, რადგან ამ პერიოდში მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასი ოთხი დოლარით იყო შემცირებული.  

ჯიუტი ბანკირი და გაცრუებული იმედები...

სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ, რომ ზუსტად ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტა 15 პუნქტით გაუფასურდა, თუმცა, კვლევის ავტორთა შეფასებით, ასე მყისიერად ეროვნული ვალუტის ცვლილებით საწვავის ფასის კორექტირება შეუძლებელია და არ ემორჩილება არანაირ ეკონომიკურ პრინციპებს. ბირჟებზე ნავთობის გაძვირების პროცესი გასული წლის სექტემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყო და ორი კვირა გასტანა. ამ პერიოდში დაფიქსირდა წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ფასი ბარელ ნავთობზე. მაშინ ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასები კიდევ ორჯერ გაიზარდა, რასაც, საკამათო არ არის, ეროვნული ვალუტის სამი პუნქტით გაუფასურებამაც შეუწყო ხელი. ოქტომბრიდან ბირჟებზე ნავთობის მკვეთრი გაიაფება დაიწყო. მიმდინარე წლის იანვრამდე ერთი ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 39 პროცენტით შემცირდა. პარალელურად იანვრის თვეში თითქმის 7 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტა. აღნიშნული პროცესები და ვადები სავსებით საკმარისია საიმისოდ, რათა ნებისმიერმა კომპანიამ მნიშვნელოვნად გადახედოს საკუთარ საფასო პოლიტიკას და მკვეთრად შეამციროს ფასები. ასეც მოხდა, ხუთმა ბრენდულმა კომპანიამ საშუალოდ 7-10 თეთრით შეამცირა საწვავის ფასები, რაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასების შემცირების არადეკვატური იყო. მაშინ, როცა მსოფლიო ბაზარზე ფასები ნავთობზე 20.5 პროცენტით დაეცა, ჩვენთან ამავე პერიოდში ფასები მხოლოდ 5 პროცენტით შემცირდა. მკითხველმა, შესაძლოა, მიმანიშნოს, რომ ეს ნედლი ნავთობის უკვე მზა საწვავთან შედარებაა. მცირედი განსხვავება დასაშვებია. მაგრამ რა უყოთ, რომ ოცპროცენტიანი სხვაობა მცირედი არ არის? და, ბოლოს, რატომ არ მცირდება საწვავის ფასი საქართველოში? კონკურენციის სააგენტოს უმოქმედობამ საწვავის ბაზარი სრულ განუკითხაობამდე მიიყვანა. საქართველოში საწვავის ფასი აცდენილია ყოველგვარ ეკონომიკურ და საერთაშორისო პროცესებს – ასე ფიქრობენ ექსპერტები...