თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია დაკავებულ თანამდებობას ტოვებს, როგორც ეს თავიდანვე იყო შეთანხმებული, განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა.
სკანდალი პრეზიდენტ ზურაბიშვილის გვერდზე „რეტვიტის" გამო>>>
მანამდე ჟვანიამ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა, რომ 1 მაისს პოსტს ოფიციალურად დატოვებს. ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციას ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს, 2018 წლის 16 დეკემბერს ჩაუდგა სათავეში.
„ბატონი ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად თავიდანვე დაინიშნა გარკვეული პერიოდით. ეს იყო მისი თხოვნა, სწორედ ამ თხოვნის საფუძველზე მიიღო მან წინადადება, რომ გამხდარიყო ადმინისტრაციის უფროსი. ეს პერიოდი ამოწურულია. შესაბამისად, ბატონი ლაშა ბრუნდება იქ, საიდანაც მოვიდა ადმინისტრაციაში", – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა პრესკონფერენციაზე.
თანამდებობის დატოვების შემდეგ იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საქველმოქმედო ფონდში დაბრუნებას აპირებს, რომელსაც გასული წლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. ვინ შეცვლის ჟვანიას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოსტზე, ჯერჯერობით უცნობია.
„შემცვლელთან დაკავშირებით არ ვფლობ არანაირ ინფორმაციას. ჯერჯერობით დროებით მოვალეობას შეასრულებს მოადგილე (ნათია სულავა - რედ.)", – აღნიშნა მოისწრაფიშვილმა.
ლაშა ჟვანია 2003 წელს ზურაბიშვილის მოადგილე იყო, როდესაც იგი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. 2005 წელს კი იგი ისრაელსა და კვიპროსში საქართველოს ელჩი გახდა.
ლაშა ჟვანია საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, სანამ 2008 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი არ გახდა. 2009 წელს მან თანამდებობა დატოვა და დააარსა კომპანია Global Uni Group.
2010 წელს ჟვანია პატრიარქის საქველმოქმედო ფონდს ჩაუდგა სათავეში.