თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა კანის საერთაშორისო ფესტივალზე შედგება. კინოფესტივალი 2019 წლის 14-დან 25 მაისის ჩათვლით გაიმართება.
როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში აღნიშნეს, სურათი „რეჟისორთა ორკვირეულის” (Director's Fortnight) საკონკურსო სექციაში მოხვდა.
„ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) - ქართული Takes Film და შვედური French Quarter Film კომპანიების ერთობლივი ნამუშევარია. ის მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავის, მერაბის, ცხოვრებაზე, რომელიც რადიკალურად იცვლება, როდესაც თავისი ამბიციური მეტოქე შეუყვარდება“, - აღნიშნულია კინოცენტრის განცხადებაში.
ფილმში მონაწილეობენ ლევან გელბახიანი, ანა ჯავახიშვილი, ბაჩი ვალიშვილი და სხვები.
„რეჟისორთა ორკვირეულის“ სექციაში ლევან აკინის ფილმს კონკურენციას გაუწევს 22 სურათი სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორისაა ფრანგი რეჟისორების - რებეკა ზლოტოვსკის, ბერტრან ბონელოსა და ნიკოლას პერისერის ფილმები, ირანელი ბაბაკ ანვარის, ამერიკელი რობერტ ეგერსის, ფილიპინელი ლავ დიასის, რუსი კირილ მიხანოვსკის, ფინელი იუკა-პეკა ვალკეპას, იაპონელი ტაკასი მიიკეს და სხვათა ფილმები.
ვინ არის ლევან აკინი?
ლევან აკინი - ახალგაზრდული სურათის „წრის“ ავტორია. ესაა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ახალგაზრდული ბესტსელერის, სარა ელფრენისა და მადს სტრანდბერგის - „სკანდინავიელი სტივენ კინგების“ - რომანის, „წრის“ ეკრანიზაცია.
აკინს ჰაროლდ ჰამრელთან ერთად გადაღებული აქვს „ნამდვილი ადამიანები“ - ფანტასტიკის ჟანრის შვედური სერიალი. 2013 წლის სექტემბერში სერიალმა „საუკეთესო ტელესერიალის“ კატეგორიაში პრესტიჟული პრემია Prix Italia მიიღო.
ლევან აკინის ნამუშევართა შორისაა ასევე სერიალები „მეორე მიმართულება“ (2007-2010 წწ.), „1790 წელი“ (2011წ.), „ცხოვრება ფაგერვიკში“ (2008წ.) და სხვ.
რა მოხდება კანში?
კანის საერთაშორისო კინოფესტივალი საკურორტო ქალაქ კანში ყოველწლიურად, მაისის მიწურულს იმართება. აკრედიტებულია კინოპროდიუსერების ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (FIAPF) მიერ მხატვრული ფილმების 15 საკონკურსო ფესტივალს შორის (ე.წ. „А კატეგორიის ფესტივალები).
კანის კინოფესტივალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟული ფესტივალია.
წელს ფესტივალს გახსნის ჯიმ ჯარმუშის ფილმი „მკვდრები არ იხოცებიან“. მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა 19 ფილმი, რომელთა შორისაა პედრო ალმადოვარის „ტკივილი და დიდება“, ჟან-პიერისა და ლუკ დარდენის „ახალგაზრდა აჰმედი“, ქსავიე დოლანის „მატიასი და მაქსიმი“, ასევე ტერენს მალიკის, კენ ლოუჩის, კონრელიუ პორუმბოიუს, მარკო ბერლოკიოს და სხვა რეჟისორების ახალი ფილმები.
კონკურსგარეშე ნაჩვენები იქნება ფრანგი კლასიკოსის, კლოდ ლელუშის ფილმი „სიცოცხლის საუკეთესო წელიწადი“, დექსტერ ფლეტჩერის „როქეთმენი“ მუსიკოს ელტონ ჯონზე და ნიკოლას ვინდინგ რეფნას ახალი სერიალის „მეტისმეტად ხანშიშესულია, ახალგაზრდა რომ მოკვდეს“ ორი ეპიზოდი.