თბილისში მაისში საქორწილო ფესტივალი გაიმართება

საქართველოს საქორწილო ინდუსტრიის ექსპერტები სტუმრებს გააცნობენ, სად, როგორ და რა სამოსით იქნება მოდური ქორწილების გადახდა 2019-2020 წლებში
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. თბილისის ყოველწლიური საქორწილო ფესტივალი Tbilisi Wedding Fair 2019, რომელზეც საქორწილო ინდუსტრიის ბოლო მოდური ტრენდების შესახებ გახდება ცნობილი, საქართველოს დედაქალაქში 12 მაისს გაიმართება.

ურთიერთობების უწყვეტი ჯაჭვი და საქორწილო კაბების ქართული ხასიათი >>

ტრადიციულად, ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია Meidan Group-ი. ფესტივალის ლოკაციისთვის შეირჩა Garden Hall-ის სივრცე ილიას ბაღში.

„ღონისძიების ფარგლებში მოსულ სტუმარს საშუალება ექნება იხილოს წამყვანი ივენთ-კომპანიები , დიზაინერები, ფლორისტები, დეკორატორები, მხატვრები, ვიზაჟისტები, კონდიტერები და ამ სფეროს წარმომადგენელი კომპანიები.  მათი საავტორო ხედვებით საქორწილო და სადღესასწაულო თემებზე. ისინი წარმოადგენენ 2019-20 წლის  საქორწილო ტენდენციებს“, - აღნიშნეს ორგანიზატორებმა Facebook-ის ქსელში.

Mercedes-Benz Fashion Week: მოდის სამყაროს ახალი ტენდენციები

ფესტივალის სტუმრები შეიტყობენ, რომელი საქორწილო აქსესუარები გახდება ყველაზე ბრენდული უახლოეს დროს, სად ჯობს ქორწილის გადახდა, რა მომსახურებას სთავაზობს ყველაზე პოპულარული კომპანიები - ქორწილების ორგანიზატორები, ასევე სად და როგორ არის უკეთესი პროფესიული საქორწილო ფოტოსესიის და ვიდეოგადაღების მოწყობა.

ღონისძიებას დაესწრებიან საქორწილო კაბების და ინტერიერის დიზაინერები, სპეციალისტები ფოიერვერკების, განათებისა და ტატუაჟის კუთხით, ასევე ავეჯის, კოსმეტიკის და ტურისტული კომპანიები.

საქორწილო ფესტივალი თბილისში უკვე მეშვიდედ ტარდება. ყოველწლიურად მასში მონაწილეობას რამდენიმე ათეული ექსპერტი და კომპანიის წარმომადგენელი იღებს, რომელიც საქორწილო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს.

ღონისძიება ყველა მსურველისთვის 12:00 საათიდან 19:00 საათამდე იქნება ღია. დასწრება თავისუფალია.