ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა – რას ურჩევს საქართველოს საელჩო მომლოცველებს

აღდგომის წინ ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე იერუსალიმში მომლოცველები მთელი მსოფლიოდან ჩადიან.
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. ისრაელში საქართველოს საელჩო საკუთარ მოქალაქეებს, რომლებსაც იერუსალიმში ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე დასწრება სურთ, მოუწოდებს დაიცვან უსაფრთხოების ზომები და დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მოთხოვნებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

წითელი პარასკევი: დაშვებები, აკრძალვები და ხალხური მინიშნებები>>>

მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ–ერთი ყველაზე დიდი სასწაული — იერუსალიმში უფლის საფლავის ტაძარში წმიდა ცეცხლის გარდამოსვლა ყოველწლიურად მართლმადიდებლური აღდგომის წინ, დიდ შაბათს ხდება. წმინდა ცეცხლს „ჭეშმარიტების ნათელს" უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლი 1995 წლიდან ჩამოაქვთ, 1999 წლიდან კი მას სპეცრეისით ჩამოაბრძანებენ. წელს ცეცხლის გარდამოსვლა 27 აპრილს მოხდება.

„მოქალაქეთათვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ ყოველ წელს ისრაელის პოლიცია ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიის დროს უსაფრთხოებისთვის იღებს განსაკუთრებულ ზომებს. ამ დღისთვის ყველა მოქალაქემ, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა, მოსალოდნელი ხალხის სიმრავლის გამო, რეკომენდებულია თავი შეიკავოს მაცხოვრის ტაძარში მისვლისგან", – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

გარდა ამისა, საელჩო რეკომენდაციებს აძლევს მათაც, ვინც დაესწრება ცერემონიას.

„ის პირები, რომლებიც დაესწრებიან ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას, უნდა დაემორჩილონ პოლიციის პირველივე მითითებას ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით. დაუშვებელია იმ პირებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელთაც ევალებათ ტაძარში და მასთან მისასვლელ გზებზე წესრიგის დამყარება", – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან საელჩო გაფრთხილებას იძლევა, რომ მოქალაქის მხრიდან პოლიციისთვის თუნდაც თხოვნის ტონით შეპასუხება შეიძლება ჩაითვალოს, როგორც წინააღმდეგობის გაწევა. გარდა ამისა, საელჩო მოქალაქეებს შეახსენებს, რომ არ შეიძლება მღვდელმსახურებთან კამათი. 

ვნების კვირა დაიწყო: რა დაიშვება და რა იკრძალება ვნების შვიდეულში

„აუცილებელია ყველა მოქალაქე მოერიდოს სასულიერო პირებთან კამათს, რომელთა ფუნქციებშიც შედის ტაძარში წესრიგის დამყარება", – ნათქვამია განცხადებაში.

საელჩო მოქალაქეებს თაღლითობის შესაძლო ფაქტებზეც აფრთხილებს.

"მოქალაქეები უნდა მოერიდონ იერუსალიმის ძველ ქალაქში ე.წ. სპეციალური სამაჯურების – ტაძარში შესვლის საშვების შეძენას. იერუსალიმის პოლიციის თანამშრომლების მიერ მსგავსი ტიპის გაყალბებული „სამაჯურების" მქონე პირები გამოძევებულ იქნებიან მაცხოვრის ტაძრიდან", – ნათქვამია განცხადებაში.

ქალაქში დაკარგვის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ პოლიციას ტელეფონის ნომერზე: +972 26226100, და დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დღესასწაულების პერიოდში ქვეყნის აეროპორტებში უსაფრთხოების დამატებითი ზომებია მიღებული.